„ნასიბ ჰასანოვმა რამდენიმე სასამართლო დავის პარალელურად „კავკასუს ონლაინის“ 51%-იც დარღვევით შეიძინა და დღეს 100%-ის უკანონო მფლობელია“,- ასე ეხმაურება კომუნიკაციების კომისია აზერბაიჯანელი ბიზნესმენის, ნასიბ ჰასანოვის მიერ „კავკასუს ონლაინის“ 100%-ის შეძენას.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისია "ყურადღებით გაეცნო" ვენეციის კომისიის მოსაზრებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც წინ უძღოდა "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის დანიშვნას.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში თავად აღნიშნავს იმ მასშტაბურ პრობლემას და გამოწვევას, რომლის გადასაჭრელადაც კანონში ცვლილებები შევიდა. მივესალმებით, რომ ვენეციის კომისია აცნობიერებს კანონში ცვლილების შეტანის მიზანს - სახელმწიფოს ჰქონოდა უფრო ეფექტური და ნაკლები ზიანის მომტანი ინსტრუმენტი, ვიდრე ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება და მილიონობით აბონენტის ინტერნეტის და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევა და ის გარემოება, რომ ვენეციის კომისია ნათლად ხედავს საკითხის სენსიტიურობას და ცვლილების შეტანამდე არსებულ საკანონდებლო ხარვეზს," წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, დოკუმენტში არაერთი კრიტიკული შეფასებაა კომუნიკაციების კომისიის მისამართით. "ევროპაში არ ვიცნობთ მარეგულირებელს, რომელსაც ასეთი ფართო უფლებები აქვს," წერია დასკვნაში, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი ცვლილებებით და კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნით, მარეგულირებელი, ფაქტობრივად, სრულად ზღუდავს კომპანიის მფლობელებს ნებისმიერ ქმედებაში. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები გადაისინჯოს, ამასთან დაზუსტდეს არაერთი ნორმა, რომელიც პარლამენტმა გასულ იწლის ზაფხულში დაამტიცა, სწორედ იმ მიზნით, რომ კომისიის უფლებამოსილება გაზრდილიყო და კომპანია და მას "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მართველის დანიშვნა შესძლებოდა. ვენეციის კომისია აღნიშნავს რომ სპეც.მმართველის ინსტიტუტის ასეთი ფორმით არსებობა არღვევს საკუთრების უფლებას, ამასთან საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს.
ამის საპირისპიროდ კომისია ირწმუნება, რომ კანონში ცვლილებების შეტანამდე 2019 წლის ოქტომბრიდან მიღებული არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, შპს „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევა არ აღმოუფხვრია.
"მეტიც, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონი რამდენჯერმე დაარღვია. ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ჯერ კიდევ 49%-ის უკანონოდ შეძენამდე ზედმიწევნით კარგად იცოდა. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინის“ შეძენის პროცესში 2019 წლის 18 იანვარს მან ყიდვის ხელშეკრულებით აიღო უმნიშვნელოვანესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ კანონის მოთხოვნებს და კომუნიკაციების კომისიიდან წილის შესაძენად საჭირო წინასწარ თანხმობას, ასევე სხვა სამართლებრივ საკითხებს თავად უზრუნველყოფდა. ამის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში, ნასიბ ჰასანოვმა არაერთი სასამართლო დავის პარალელურად მორიგი კანონდარღვევა კვლავ ჩაიდინა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ვიდრე კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავდა ნასიბ ჰასანოვმა კვლავ დაარღვია კანონი და „კავკასუს ონლაინის“ დანარჩენი 51% დაჩქარებული წესით, ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე შეიძინა. ამჟამად ჰასანოვი შპს „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის უკანონო მფლობელია," აცხადებს GNCC.
ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში აღნიშნავს, რომ მარეგულირებელს, პრინციპში ბერკეტი არ ჰქონდა და როგორც აღმოჩნდა, არც ახლა აქვს საიმისოდ, რომ კომპანიის მხრიდან დადგენილი წესის დარღვევაზე ისეთი რეაგირება ჰქონდეს რომელიც თავის თავში არ მოიცავს ავტორიზაციის შეჩერების აუცილებლობას.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ორი ფაქტი გაასაჯაროვა. მისი თქმით, 2020 წლის 15 დეკემბერს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ორი დოკუმენტი წარუდგინა თანხმობის მისაღებად, რომელთა მიხედვით „კავკასუს ონლაინსა“ და ყაზახურ „ტრანსტელეკომს“ შორის, ასევე „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის უნდა გაფორმებულიყო შეთანხმებები.
"ორივე დოკუმენტში „კავკასუს ონლაინი“ განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ „ნექსოლ ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, ამავე დოკუმენტებში „კავკასუს ონლაინი“ მიჩნეული იყო რეგიონული მნიშვნელობის ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელების მექანიზმად. ამავე დოკუმენტებით, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის წინაპირობად განსაზღვრული იყო აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნულ დოკუმენტებს კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა ხელი არ მოაწერა," აცხადებს კომუნიკაციების კომისია.