LIVE

2024 წელს რეფერენტული ფასი მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტებზე გავრცელდება - სამინისტრო

26 დეკ 202317:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
2024 წელს რეფერენტული ფასი მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტებზე გავრცელდება - სამინისტრო

2024 წელს რეფერენტული ფასი მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტებზე გავრცელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების თანახმად, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზეა განსაზღვრული. 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.

"რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, თავდაპირველად, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ამოქმედდა, რის შემდეგაც წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა.

რეფორმის შემდგომ ეტაპებზე, ფასის ზედა ზღვარი ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ პრეპარატებზე განისაზღვრა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. 

სპეციალისტების შეფასებით, წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, ბაზარზე მედიკამენტების ხარისხობრივი ვარდნაა და თუ სამინისტრო რეფერენტული ფასის მეთოდოლოგიას არ გადახედავს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

PSP ქსელის დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ გასულ კვირაში "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ ბაზარს გარკვეული რყევები და დეფიციტი ახასიათებს, რაც არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი პროცესია.