LIVE

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

20 დეკ 202320:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 459
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს.

"წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდზე.

რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა და ამ დროისთვის ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. 

რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. 

სპეციალისტების შეფასებით, წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, ბაზარზე მედიკამენტების ხარისხობრივი ვარდნაა და თუ სამინისტრო რეფერენტული ფასის მეთოდოლოგიას არ გადახედავს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.