ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ილონა კოკიაშვილი აცხადებს, რომ წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, ბაზარზე მედიკამენტების ხარისხობრივი ვარდნაა და თუ სამინისტრო რეფერენტული ფასის მეთოდოლოგიას არ გადახედავს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, წამლებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შედეგად, ბაზარზე იაფი, თუმცა დაბალი ხარისხის მედიკამენტებია ხელმისაწვდომი.
„მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა არ უნდა ხდებოდეს ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუარესების და ხარისხობრივი ვარდნის ხარჯზე. თუ მოსახლეობა წამლებზე თანხას დაზოგავს და სანაცვლოდ მაღალხარისხიან მედიკამენტს მიიღებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული რეფორმა წარმატებულია. მაგრამ ჩვენი მიზანი თუ ისაა, რომ დაბალხარისხიანი და იაფი მედიკამენტები იყოს ბაზარზე, რაც დღევანდელ რეალობას შეესაბამება, მაშინ ეს მიზანი უკვე მიღწეულია. თუ ჩვენ გვჭირდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები, სამინისტროსთან ერთად უნდა დავსხდეთ და მეთოდოლოგია დავამუშაოთ ისე, რომ პაციენტებს წვდომა მათთვის სასურველ ყველანაირ მედიკამენტებზე ჰქონდეთ“,- განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.
კოკიაშვილი აღნიშნავს, რომ რეფერენტული ფასების მეთოდოლოგია საქართველოს ბაზრის სინამდვილეს მორგებული არ არის, რადგან ქვეყანა 100%-ით არის მედიკამენტების იმპორტზე დამოკიდებული.
მისივე თქმით, 2 800- ზე მეტი მედიკამენტიდან 1 800 უკვე იყო მწვავე დეფიციტში, თუმცა გარკვეული მარაგების ხარჯზე, კომპანიების მიერ ხდებოდა დანაკლისის შევსება, მაგრამ ეს მარაგებიც უკვე იწურება. ილონა კოკიაშვილის თქმით, მართალია, პაციენტები მედიკამენტის გარეშე არ დარჩებიან, თუმცა ჩანაცვლება იაფიანი ბაზრებიდან მოხდება.
„არ მეგულება პაციენტი, რომელსაც ამ ეტაპზე პრობლემა არ აქვს მედიკამენტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. თავად მიკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანი, სად შეიძინონ ის კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც მათ სურთ. არ უარვყოფ, ბაზარზე არის ჩამნაცვლებელი, მაგრამ პაციენტი ხშირად შეჩვეულია კონკრეტული დასახელების მედიკამენტს და მისი ჩანაცვლება ცოტა ურთულდება“,- განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა და ამ დრომდე ჩამონათვალი უკვე 3 200-მდე გაფართოვდა. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აანონსებენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.