
გასულ თვეში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 14.9%-ით და თვიურად 0.3%-ით შემცირდა.
უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, წლიური კლების ძირითადი მიზეზი გასული წლის მაღალი მაჩვენებელი, ანუ საბაზო ეფექტია.
აღსანიშნავია, რომ ბინების გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებში. ნოემბერში თბილისში გაყიდული 3 300 ბინიდან 407 ნაძალადევში, 315 კი დიდუბეში გაიყიდა. ამ უბნებში გაყიდვების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 45% და 20% შეადგინა.
გაყიდვები წლიურად ყველაზე მეტად - 46%-ით შემცირდა ვაკეში. ამ უბანში ნოემბერში 112 ბინა გაიყიდა. მას 37%-იანი კლებით ისანი (182 ბინა) და 35%-იანი ვარდნით მთაწმინდა (66 ბინა) მოსდევს.
ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, ბინების გაყიდვები ყველაზე ნაკლებად, 6.1%-ით პირველად ბაზარზე, მეორად ბაზარზე კი წლიურად 21.4%-ით შემცირდა.
გალტ & თაგარტის თანახმად, მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი ვარდნა სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან.