LIVE

ნოემბერში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - G&T

22 დეკ 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
ნოემბერში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - G&T

2023 წლის ნოემბერში თბილისში 3 300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა. 

უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, წლიური კლების ძირითადი მიზეზი საბაზო ეფექტია.

ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, ბინების გაყიდვები ყველაზე ნაკლებად, 6.1%-ით პირველად ბაზარზე, მეორად ბაზარზე კი წლიურად 21.4%-ით შემცირდა.

გალტ & თაგარტის თანახმად, მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი ვარდნა სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან. 

კვლევის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში ბინების გაყიდვები მხოლოდ ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებში გაიზარდა, რაც პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებით არის გამოწვეული. 

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში კვლავ საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებს, რაც მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივით აიხსნება და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1 800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

კვლევის თანახმად, 2023 წლის 11 თვეში ჯამურად გაიყიდა 36 283 ბინა, რაც წლიურად 7.3%-ით შემცირებული რიცხვია. გალტ & თაგარტი შემცირებას ასევე გასული წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლით ხსნის. ამავე დროს, მიმდინარე წლის გაყიდვების მონაცემი 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12%-ით არის გაზრდილი, რაც უძრავი ქონების სექტორში მდგრად მოთხოვნაზე მიუთითებს. 

რაც შეეხება ფასს, 2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა მცირედი თვიური ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ.

გალტ & თაგარტის თანახმად, მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავალში. 

2023 წლის ნოემბერში თბილისში საშუალო ბინის (50-60 მ2) ქირის ფასმა მ2-ზე $11.4 შეადგინა, რაც წლიურად 6.6%-ით გაზრდილი მონაცემია. აღსანიშნავია, რომ ქირა 2023 წლის მარტიდან, როდესაც მან პიკს მიაღწია, დღემდე 5.4%-ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ქირის ეტაპობრივი შემცირება უახლოეს მომავალში ისევ გაგრძელდება. 

2023 წლის ნოემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ $239.1 მლნ შეადგინა.