LIVE

PMC: საცალო ვაჭრობის სექტორის მთავარი გამოწვევა კვლავ კადრების ნაკლებობაა

08 დეკ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 319

საცალო ვაჭრობის სექტორის 2023 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა სამუშაო ძალის ნაკლებობაა.

როგორც PMC კვლევითი ცენტრის განახლებულ კვლევაშია აღნიშნული,  სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობისთვის (73%) ყველაზე პრობლემური სწორედ კადრების ნაკლებობაა. რასაც მოსდევს მაღაზიებში დაფიქსირებული ქურდობები და მათთან დაკავშირებული დავებიც (45%). სექტორის 27%-ისთვის გამოწვევაა 48-საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე სექტორებიდან რითეილ სექტორის ამოღების შედეგად გაზრდილი სახელფასო ბიუჯეტი და საოპერაციო ხარჯებიც.

 

შედარებით  ნაკლებად პრობლემატური აღმოჩნდა მაღალი კონკურენცია სხვა ქსელურ რითეილერებთან, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მომიჯნავე სექტორებთან მჭიდრო ურთიერთკავშირი. 

როგორც კვლევის ავტორი, ნანა ქაჯაია "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა ყოველწლიურად მწვავდება. 

"ეს პრობლემა ახალი არ არის და ამ მხრივ რითეილ სექტორის განწყობა ზოგადად ბიზნეს ინდუსტრიის განწყობის იდენტურია. კერძო სექტორის მთავარი პრობლემა დღეს სწორედ სამუშაო ძალის სიმცირეა, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბიზნესი შეეცადოს სამუშაო გარემო მეტად მიმზიდველი გახადოს პოტენციური დასაქმებულებისთვის",- აღნიშნავს ნანა ქაჯაია.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მიმდინარე ვითარებას გამოკითხული კომპანიების 64% მაინც დადებითად აფასებს და პოზიტიური მოლოდინები აქვს 2024 წელთან მიმართებითაც. 

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, რითეილერთა 82%-ისთვის მზარდია გაყიდვების დინამიკაც. მათ შორის მზარდია ონლაინ გაყიდვებიც. მოლოდინების მხრივ კი გამოკითხული კომპანიების 91% ელის, რომ გაყიდვების დინამიკის ზრდას განაგრძობს 2024 წელსაც. ნანა საჯაიას თქმით, ამგვარ პოზიტიურ განწყობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

"საერთო ჯამში, ამგვარი პოზიტიური განწყობა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორისგან. კერძოდ, შედარებით სტაბილური ეკონომიკური ზრდის ფონზე, მუდმივად იზრდება მომხმარებელთა მოთხოვნები და დანახარჯები. პარალელურად, საცალო ვაჭრობის სექტორში მრავალი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა და შედეგად მეტად განვითარდა ინფრასტრუქტურა, ასევე გაიზარდა შემოთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება თუ ხარისხიც",- ამბობს ნანა საჯაია.