LIVE

PISA: ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო

05 დეკ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 263
PISA: ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო

PISA-ს განათლების კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მოსწავლეები შესაძლოა, აკადემიურად მდგრადებად ჩაითვალონ, რადგან მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. შედარებისთვის, OECD-ის ქვეყნებში, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების მხოლოდ 10%-მა მიიღო მათემატიკაში უმაღლესი შეფასება და შეძლო მიღწევების ზედა 25%-ში მოხვედრა.

PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა მხოლოდ 7.3% მოხვდა. ამ მოსწავლეთა საშუალო მიღწევა მათემატიკაში 356 ქულას შეადგენს.

კვლევის თანახმად, 2015-2022 წლებში მათემატიკის შედეგებში სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით გამოწვეული განსხვავება შემცირებულია, OECD-ის ქვეყნებში კი საშუალო სხვაობა სტაბილური დარჩა.

საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოცადეს მათემატიკის კოგნიტიური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები. 

საქართველომ შეფასებაში მონაწილეობა პირველად 2009 წელს მიიღო, ხოლო შემდეგი შეფასებები 2015, 2018 და 2022 წლებში ჩატარდა. PISA-ს კვლევას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.