PISA 2022 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ასევე კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
სკოლის ტიპების მიხედვით, შედეგები ასეთია:
- მათემატიკა: კერძო - 445 ქულა, საჯარო - 384 ქულა;
- კითხვა: კერძო - 426 ქულა, საჯარო - 369 ქულა;
- საბუნებისმეტყველო საგნები: კერძო - 436 ქულა, საჯარო - 379 ქულა.
სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.
PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს, თუმცა კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში კი გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა).
საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს.
საქართველოში მიღწევის დონეების მიხედვით, მათემატიკაში დაბალი მაჩვენებლების წილი მსგავსია ბიჭებსა (67%) და გოგონებში (66%). თუმცა, კითხვაში ეს წილი უფრო დიდია ბიჭების შემთხვევაში (გოგონები 59% და ბიჭები 74% კითხვის მე-2 დონეს ქვემოთ). რაც შეეხება უმაღლესი შედეგების მქონე მოსწავლეებს, მათემატიკაში ბიჭების (1%) და გოგონების (1%) წილი მსგავსია.
PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.
PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს.
საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოცადეს მათემატიკის კოგნიტიური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები.
საქართველომ შეფასებაში მონაწილეობა პირველად 2009 წელს მიიღო, ხოლო შემდეგი შეფასებები 2015, 2018 და 2022 წლებში ჩატარდა. PISA-ს კვლევას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.