
PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში თხილის წარმოება 2022 წელს 27.4%-ით შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები იყო.
ანგარიშის თანახმად, 2016 წლიდან 2022 წლამდე თხილის წარმოების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-ს შეადგენდა. თუმცა 2017-2018 წლებში ფაროსანასა და ხის სოკოს დაავადების გავრცელების შედეგად, წარმოება შეფერხდა.
2022 წელს წარმოების კლება შეინიშნებოდა საქართველოს ყველა მწარმოებელ რეგიონში, კახეთის გარდა. წარმოება კახეთში წინა წლების ზღვრულ დონეს გასცდა და 2022 წელს 4 300 ტონა შეადგინა. სამეგრელოში, რომელზეც წარმოების ყველაზე დიდი წილი მოდის, 2022 წელს თხილის წარმოებამ 14 100 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წლის მაჩვენებელი 23 100 ტონა იყო.
სხვა რეგიონებში თხილის წარმოება ასე გადანაწილდა:
- გურია - 6 900 ტონა;
- აჭარა - 4 000 ტონა;
- იმერეთი - 3 500 ტონა.
ანგარიშის მიხედვით, იკლებს თხილის ფასიც. გასულ წელს ფასები წლიურად 11.3%-ით შემცირდა და კილოგრამზე $1.3 შეადგინა. ფასის კლების ტენდენცია ყველა რეგიონში შეინიშნებოდა, თუმცა განსხვავებული ცვლილებით. კახეთში კილოგრამ თხილზე ფასმა 2020-2021 წლების $2-იანი მაჩვენებლიდან $1,8-მდე იკლო. 2022 წელს სამეგრელოში მოყვანილ თხილზე ფასი $1,3-ს შეადგენდა. იმერეთში, აჭარასა და გურიაში ფასები $1,1-1,3-მდე იყო. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონის გამორჩეულად მაღალი ფასი განპირობებულია სამრეწველო, უმაღლესი ხარისხის თხილის წარმოებით, რაც, შესაბამისად, უფრო ძვირად იყიდება.
ცნობისთვის, მთავრობა თხილის სექტორს 2022 წლიდან ასუბსიდირებს. უახლესი ინფორმაციით, კი ფერმერები თხილის სუბსიდიით 2024 წელსაც ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.