LIVE

მასკი: სარეკლამო ბოიკოტი X-ს მოკლავს

30 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 313
მასკი: სარეკლამო ბოიკოტი X-ს მოკლავს

ილონ მასკმა უხამსად მოიხსენია პლატფორმა X-ის (ყოფილი Twitter) რეკლამის განმთავსებლები, რომლებმაც თანამშრომლობა შეაჩერეს. 

ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე მილიარდერმა კომპანიები შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათი ბოიკოტი პლატფორმას მოკლავს. 

"არ მინდა, რომ მათ რეკლამა გავუკეთო. თუ ვინმე ჩემს დაშანტაჟებას რეკლამით ან ფულით აპირებს, წადი.... გასაგებია? ჰეი, ბობ, თუ აქ ხარ, იცოდე, რომ ასე ვფიქრობ", - თქვა მასკმა New York Times-ის სამიტზე. 

BBC წერს, რომ ამ მიმართვაში მასკმა აშკარად იგულისხმა Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერი, რომელიც იმავე დღეს სამიტზე გამოვიდა. Disney ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომელმაც X-ზე რეკლამის განთავსება შეაჩერა.   

"რასაც ეს სარეკლამო ბოიკოტი მოიტანს, კომპანიის სიკვდილია. მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ რეკლამის განმთავსებლებმა მოკლეს კომპანია და ჩვენ ამას დეტალურად დავადასტურებთ",- თქვა მასკმა. 

ზოგიერთმა ცნობილმა კომპანიამ პლატფორმაზე რეკლამის განთავსება ბოლო დროს ანტისემიტური შინაარსის პოსტებთან დაკავშირებული შეშფოთების, მათ შორის, მასკის პოსტის გამო შეაჩერა. მან 16 ნოემბერს ანტისემიტურ შეთქმულების თეორიის შესახებ პოსტს "ნამდვილი სიმართლე" უწოდა.

ამის გამო, Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელმა გუშინ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს "ყველაზე სულელური" რამ, რაც კი ოდესმე ონლაინ გაუზიარებია". 

კომპანიის სარეკლამო შემოსავლების კლება მხოლოდ ანტისემიტური შინაარსის პოსტებს არ უკავშირდება. სამოქალაქო ჯგუფების თანახმად, მას შემდეგ, რაც მასკმა პლატფორმა 2022 წლის ოქტომბერში იყიდა, ქსელში შემცირდა მოდერაციის წესები, რამაც სიძულვილის ენის ზრდა გამოიწვია. ამის გამო, მასთან თანამშრომლობაზე უარი არაერთმა მსხვილმა კომპანიამ თქვა.  

გასულ თვეში Bloomberg-ი წერდა, რომ პლატფორმა X ახლა იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე ილონ მასკმა ერთი წლის წინ გადაიხადა. გამოცემის წყაროს თანახმად, კომპანიის ერთი აქციის ფასი ახლა $45-ს, მისი კაპიტალიზაცია კი $19 მილიარდს შეადგენს. მილიარდერმა პლატფორმა გასულ წელს $44 მილიარდად იყიდა.  

სანამ მასკი კომპანიას იყიდდა, რეკლამა Twitter-ის შემოსავლის დაახლოებით 90%-ს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც კომპანია კერძო გახდა და ანგარიშებს აღარ აქვეყნებს, უცნობია, რეკლამაზე შემოსავლის რა ნაწილი მოდის. 

გასულ კვირას ილონ მასკმა სადამკვირვებლო ჯგუფ Media Matters-ს უჩივლა. ის ამტკიცებს, რომ მისმა ანგარიშმა სოციალური მედიის პლატფორმას შეურაცხყოფა მიაყენა. 

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ წამყვანი კომპანიების: Comcast-ის, Oracle-სა და IBM-ის რეკლამები ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური პარტიის მხარდამჭერი პოსტების გვერდით გავრცელდა.