გიორგი ბაქრაძე პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.
ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაქრაძე, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ეკონომისტი მაკროეკონომიკურ და კვლევით საკითხებში, ღირებულ შეხედულებებს გაუზიარებს და კონსულტაციას გაუწევს საბჭოს წევრებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების შესახებ. მათივე განმარტებით, გიორგი ბაქრაძე ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კომპეტენციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
„მოხარულნი ვართ, გიორგი ბაქრაძის ჩვენს გუნდთან შემოერთებით. მისი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ბიზნესის განვითარებასა და ზრდადი ტემპის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ.
შეგახსენებთ, 20 სექტემბერს გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველის პოსტი დატოვა.
სებ-იდან კადრების გადინება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესი, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეცვალა.