LIVE

ქუთაისის აეროპორტში შემოსვლიდან დღემდე, Wizz Air-ი 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა

27 ნოე 202315:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 219
ქუთაისის აეროპორტში შემოსვლიდან დღემდე, Wizz Air-ი 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-ი 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა, ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

„ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე Wizz Air-ის მგზავრთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ უკვე გადაიყვანა საქართველოს მოსახლეობაზე მეტი მგზავრი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოში მათ არსებობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მე-4 ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და კვირაში 2-ჯერ, პირდაპირ რეისებს დანიის სამეფოს მიმართულებით შეასრულებს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air-ი საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და ძლიერდება. პანდემიის შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლომდე 4 ბაზირებული საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი. ეს არის უკვე ახალი განაცხადი. პირველად ხდება, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ავიაკომპანიის 4 საჰაერო ხომალდი იქნება ბაზირებული, რაც არის სრულიად ახალი რეალობა ჩვენთვის“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად 3, A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით, 28 პირდაპირ რეისს 16 ქვეყანაში ასრულებს.