
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს, ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკის შედეგია.
„წელს დასაქმებულთა რაოდენობა ყველა კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ოფიციალურად საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 1 მლნ 366 ათასი ადამიანია დასაქმებული და ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა და 15.6% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით (3.2%) და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით შემცირდა (4.8%) და 422.8 ათასი იყო. ამასთან, უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით (0.6%) და 252.2 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესი ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კადრების დეფიციტს ასახელებს.