LIVE

ავსტრიის კონკურენციის ორგანოს ხელმძღვანელი: კომპანიების კონცენტრაციების მიმართ მკაცრი კონტროლია საჭირო

26 ნოე 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 273
ავსტრიის კონკურენციის ორგანოს ხელმძღვანელი: კომპანიების კონცენტრაციების მიმართ მკაცრი კონტროლია საჭირო

ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ბაზარზე კონკურენციის პოლიტიკის თვალსაზრისით ჰოლდინგური კომპანიები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

როგორც “ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში ნატალი ჰარსდორფ ბორჩიმ განაცხადა, ამ რისკების პრევენციისთვის კონკურენციის მარეგულირებელმა უწყებებმა კომპანიების კონცენტრაცია მკაცრად უნდა აკონტროლონ, რათა ბაზარზე დომინანტური ძალაუფლების მქონე ჰოლდინგები არ მომრავლდნენ.

„ჰოლდინგური კომპანიები კონკურენციის თვალსაზრისით ნამდვილად შეიძლება გახდეს პრობლემური. ამიტომ საჭიროა მკაცრი კონცენტრაციის პოლიტიკა, რათა ერთმა კომპანიამ ძალიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალა არ მოიპოვოს. უნდა შევხედოთ მსგავსი კონგლომერატების ვერტიკალურ ეფექტებსაც. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი კლინიკაში მიდის და იგი უშუალოდ ამ ჰოსპიტალთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით არ სარგებლობს, მას შესაძლოა არასახარბიელო პირობები შესთავაზონ. ავსტრიის კანონმდებლობის მიხედვით, თუკი მსგავსი კონგლომერატების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდება, მას შესაძლოა კონკრეტული მიმართულების ბიზნესის გაყიდვა მოუწიოს. ასე რომ, უმჯობესია, ბაზარზე მსგავსი დომინანტური ძალაუფლების მქონე კომპანიების მიმართ პრევენციული ზომები გამოვიყენოთ, ვიდრე შემდეგ შედეგებს ვებრძოლოთ. ამისთვის უმთავრესია, რომ ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის ყიდვისას კონცენტრაციის კონტროლი და პირობები მკაცრი იყოს“,- განაცხადა ნატალი ჰარსდორფ ბორჩიმ.

ავსტრიის კონკურენციის ორგანოს ხელმძღვანელმა ასევე შეაფასა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს პოლიტიკა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უწყებამ სამომხმარებლო ბაზრების მონიტორინგი გააგრძელოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ძირითად სამომხმარებლო ბაზრებს აკვირდება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ ისეთი პროდუქტის ფასები როგორიცაა მაგალითად, საწვავი, მათ შორის გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციის მიხედვით ყალიბდება. ამიტომ კიდევ უფრო რთულია მსგავსი ბაზრების მოკვლევა. თუმცა ისეთ სამომხმარებლო ბაზრებზე როგორიცაა საწვავი, სურსათი, მონიტორინგი მუდმივად საჭიროა და თუკი კონკურენციის უწყება საეჭვო ვითარებას და ქმედებებს შეამჩნევს, მოქმედებაზე უნდა გადავიდეს. მაგალითად, სურსათის შემთხვევაში, ავსტრიაში გავეცით რეკომენდაცია, რომ ბაზარზე მეტი გამჭვირვალობისთვის ონლაინპლატფორმა შექმნილიყო, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებდა ფასების შედარებას და ნახავდა, რომელ სავაჭრო ქსელს აქვს უკეთესი შეთავაზებები. მეტი გამჭვირვალობა და მსგავსი პლატფორმების შექმნა ერთ-ერთი გზაა, თუ როგორ უნდა გახდეს მომხმარებელი უფრო ძლიერი და ბაზარიც მეტად კონკურენტული“,- აღნიშნა ნატალი ჰარსდორფ ბორჩიმ.

ცნობისთვის, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოში 16-18 ნოემბერს გამართულ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.