გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ ხელოვნური ინტელექტის (AI) დარეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. სამივე სახელმწიფო ევროკავშირში როგორც მსხვილი, ისე მცირე AI კომპანიებისთვის ვალდებულებების დაწესებას უჭერს მხარს.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც ამ საკითხზე ციფრულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს, აცხადებენ, რომ კანონები უნდა არეგულირებდნენ არა ხელოვნურ ინტელექტს, არამედ მის გამოყენებას.
„ჩვენ უნდა დავარეგულიროთ აპლიკაციები და არა ტექნოლოგია თუ გვსურს, რომ AI-ის მსოფლიო ტოპ ლიგაში მოვხვდეთ“, - განაცხადა გერმანიის ციფრულ საქმეთა მინისტრმა, ვოლკერ ვისინგიმ.
ეკონომიკურ საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მდივანი, ფრანცისკა ბრანტერი აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია AI შესაძლებლობების გამოყენება და ამავდროულად რისკების შეზღუდვა. მისი განმარტებით, სამი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა სწორედ ამ ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს.
ევროპარლამენტის პოზიციით, AI-ს ქცევის კოდექსით, თავდაპირველად, მსხვილი და საერთაშორისო პროვაიდერები უნდა დარეგულირდნენ. საჯარო განხილვის დროს, სწორედ ამ შეთავაზებას ერთხმად შეეწინააღმდეგა სამი სახელმწიფო. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს აშკარა კონკურენტული უპირატესობაა მცირე პროვაიდერებისთვის, რამაც შესაძლოა მცირე ევროპული კომპანიების მიმართ ნაკლები ნდობა და, შესაბამისად, მომხმარებელთა რიცხვის შემცირება გამოიწვიოს.
სამი სახელმწიფოს მიერ მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, საწყის ეტაპზე AI პროვაიდერებისთვის რაიმე სახის შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს. მათი პოზიციით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ კომპანიები ქცევის კოდექსით დაწესებულ ნორმებს გადაუხვევენ. შეთანხმებაში აღნიშნულია ისიც, რომ ევროპული ორგანო მონიტორინგს გაუწევს კომპანიების სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა „AI აქტი“, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის საბჭო განიხილავს. საკანონმდებლო ბაზის შექმნა მიზნად ისახავს, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილებას.