
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებას ელის. ამის მიზეზად კი ინფლაციის არსებულ განაკვეთს ასახელებს, რომელიც სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია.
„ვინაიდან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ არის, მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად დაიკლებს.
მსოფლიოში გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ სხვადასხვა ეკონომიკა შენელდა. დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება, კარგი ზრდა არის, მაგრამ იმისთვის, რომ საგარეო შოკებიდან დაცვა მოხდეს, მნიშვნელოვანია, საკრედიტო აქტივობა გაიზარდოს“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-მდე გაიზრდება.
„წლევანდელ მოლოდინებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა აშკარად უფრო დიდი აღმოჩნდა. მიგვაჩნია, რომ წელს ზრდა 7%-მდე იქნება“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 25 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა.
ამასთან, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა 6.8% იყო.