LIVE

ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ბაზარზე კვლავ იყიდება - შემოწმების შედეგები

08 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 382

ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 9 თვის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 130 შემოწმებული სათამაშოდან, 77-ის რეალიზაცია დროებით შეჩერდა, 30 კი ბაზრიდან ამოიღეს.

უცნობია, თუ რომელი ბრენდები შემოწმდა და კონკრეტულად ვის შეუჩერდა რეალიზაცია, თუმცა, ცნობილია, რომ შემოწმდა როგორც მაღაზიები, ისე ქუჩის ბაზრობა.

როგორც "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, ე.წ. საშიში სათამაშოები ბაზარზე კვლავ იყიდება, მონიტორინგი კი არასაკმარისია. 

"მიუხედავად იმისა რომ უკვე 3 წელია, რაც სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ რეგლამენტი მოქმედებს, კანონის აღსრულება ისევ პრობლემაა და თავად კანონიც არასრულყოფილია. დავიწყებ კანონით, რომლის გაფართოებაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 2021 წელს ამოქმედებული რეგლამენტი დღემდე მხოლოდ რამდენიმე ტიპის მავნე ნივთიერების შემოწმებას გულისხმობს, მაშინ როცა ეს სია ბევრად ვრცელი უნდა იყოს. ასე მაგალითად, კანონი დღემდე არ ითვალისწინებს ისეთ ფართოდ გავრცელებული ნივთიერების შემოწმებას, როგორიცაა ფტალატები, რომელიც სათამაშოებში ძალიან ხშირად გვხვდება და ევროკავშირის მასშტაბითაც ერთ-ერთ ყველაზე მავნე ნივთიერებად მიიჩნევა. არადა, ჩვენს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, 44 სათამაშოს ნიმუშიდან, თითქმის ნახევარში (21 მათგანში) სწორედ ფტალატები აღმოჩნდა. ცალკე პრობლემაა კანონის აღსრულება და კონტროლი. მართალია გასულ წელთან შედარებით ბაზრის ზედამხედველობის სამსახურმა წელს შედარებით მეტი სათამაშო შეამოწმა, თუმცა რაოდენობა მაინც ძალიან ცოტაა. გამოწვევაა სერტიფიცირებული ლაბორატორიებიც, რის გამოც ცალკეულ კომპანიებს თავისი ხარჯებით უწევთ ნიმუშების საზღვარგარეთ გადაგზავნა. უმეტეს მათგანს კი შესაბამისი ფინანსები არ აქვს",- აღნიშნავს ვახტანგ კობალაძე. 

ბაზარზე რომ რთული ვითარებაა, ამ მოსაზრებას ეთანხმება სათამაშოების მაღაზია "ბურატინოს" დამფუძნებელი, გიორგი ზაქარიაშვილიც. მისი თქმით, შედარებით უხარისხო პროდუქცია ბაზარზე ბერვად იაფად იყიდება, რაც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის.

"ბაზარი დღეს ძალიან გაჯერებულია, ამიტომ უფრო რთულია მისი კონტროლიც. თანაც, ე.წ. არაკეთილსინდისიერი კომპანიები საკუთარ უხარისხო პროდუქციას გაცილებით იაფად ყიდიან და საბოლოოდ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაც იქმნება. რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას ფასების მიმართულებით, ამ დროისთვის ფასები დაახლოებით 20-25%-ით გაზრდილია შედარებით უფრო ხარისხიან ევროპულ და თურქულ პროდუქციაზე, რადგან თავად მომწოდებლებმა გაზარდეს გასაყიდი ფასები. სამაგიეროდ, ლოგისტიკური ხარჯების შემცირების გამო, 10-15%-ით გაიაფდა ჩინური პროდუქცია, რომელსაც ბაზრის დაახლოებით 65% უკავია. ფასების ზრდას არ ველით, პირიქით - უახლოეს ორ თვეში, დღესასწაულების გათვალისწინებით, ფასები შემცირდება", - აღნიშნავს გიორგი ზაქარიაშვილი.