LIVE

EBRD: უფრო მდგრადი ზრდისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიცია სჭირდება

06 ნოე 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 242
EBRD: უფრო მდგრადი ზრდისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიცია სჭირდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ურჩევს, სულ უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, მდგრადი და მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიცია სჭირდება.

ალკის დრაკინოსის განცხადებით, ისეთი ეკონომიკური სარგებელი როგორიცაა მაგალითად, რუსი მიგრანტები და მასთან დაკავშირებული ერთჯერადი ეფექტები, მდგრადი ვერ იქნება.

„მდგრადი ეკონომიკური ზრდა არ უკავშირდება ერთჯერად ეფექტებს და სარგებელს, რაც შესაძლოა კონკრეტულ ვითარებას მოყვეს. ვიცით, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც აღარ უნდოდათ საკუთარ ქვეყანაში გაჩერება, საქართველოში ჩამოვიდნენ, რასაც თან ახლდა სავალუტო შემოდინებები. მათ შესაძლოა ადგილზე გარკვეული კლასტერებიც შექმნეს და წვლილიც შეიტანეს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა მსგავსი კაპიტალის შემოსვლა მუდმივად ვერ გაგრძელდება და მას გრძელვადიანი ეფექტი ვერ ექნება. ახლა კითხვა და გამოწვევა შემდეგში მდგომარეობს - როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უფრო მდგრადი იყოს. ვფიქრობ, ერთი-ერთი პასუხი ამ კითხვაზე ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტირებაა, ეს დაეხმარება საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. სწორედ ესაა ჩვენი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, რითაც პლატფორმას ვქმნით უკვე კერძო სექტორისთვის. ინვესტირება ლოგისტიკასა და ინფრასტრუქტურაში, სწორედ ისაა, რითაც უფრო გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებელს ვნახავთ და არა სავალუტო  შემოდინებები, რომელიც როგორც მარტივად შემოვიდა, ისე მარტივადვე შეიძლება გაედინოს ქვეყნიდან“,- განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

ცნობისთვის, EBRD-მა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, 2024 წლის კი შეამცირა. ამ დრომდე ბანკი საქართველოში წელს 5%-იან, მომავალ წელს კი 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდა. განახლებული პროგნოზის თანახმად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს, 2024 წელს კი 4.5%-მდე შემცირდება.

EBRD-ის შეფასებით, ძირითადი უარყოფითი რისკები გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. მეორე მხრივ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობამ შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც ზრდის და ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას.