LIVE

კომერციული ფართები გაძვირდა - როგორია მოლოდინები?

03 ნოე 202316:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 408

“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, მიმდინარე წელს, კომერციულ ფართებზე მოთხოვნა სამივე მიმართულებით გაიზარდა. საუბარია როგორც ქუჩაში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზე, ისე სავაჭრო ცენტრებსა და ბიზნესცენტრებზე.

 

უფრო დეტალურად, ქუჩაში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზე ფასები დაახლოებით 11%-ითაა მომატებული, 2024 წელს კი, ღირებულების დამატებით 8%-მდე გაზრდაა პროგნოზირებული. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, ამ დროისთვის ქირის ფასი 8%-ითაა გაზრდილი და მოლოდინია, რომ დამატებით 5%-ით კიდევ გაიზრდება.  ბიზნესცენტრებში კი, 19%-იანი ზრდა ფიქსირდება იჯარაზე, რაც 2024 წელს კიდევ 5%-ით გაიზრდება.

თბილისის ქუჩის სავაჭრო ობიექტებში ქირის საშუალო ღირებულება კვადრატულზე დაახლოებით 19 დოლარია, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მცირედით, 0.2%-ით ნაკლებია. სავაჭრო ქსელებში კი, ფასმა პანდემიამდელ ნიშნულს გადაასწრო და 23 დოლარია. ასევე, თითქმის იდენტურია ქირის ღირებულება ბიზნესცენტრებშიც. რაიონების მხრივ, უძრავი ქონების მსგავსად, კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკე-საბურთალოზეა, სადაც კვადრატულის საშუალო ღირებულება დაახლოებით 26-27 დოლარია. კომერციული ობიექტი ყველაზე იაფი კი ნაძალადევსა და სამგორშია.

 

როგორც "თიბისი კაპიტალის" ასოცირებული მკვლევარი, სალომე დეისაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, მოთხოვნისა და ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ერთის მხრივ ეკონომიკური ზრდა, მეორეს მხრივ კი მიგრანტების ნაკადია. 

"პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ კომერციული უძრავი ქონების ბაზარზეც ზუსტად იგივე ტრენდია, რაც საცხოვრებლები ფართების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით. მიმდინარე წელს კომერციულ ფართებზე მოთხოვნისა და ფასების ზრდის წამახალისებელი აღმოჩნდა ეკონომიკური ზრდა და ასევე, მიგრანტების ნაკადის ზრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში არაერთი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა და ცხადია, მათაც დასჭირდათ ოფისები. მართალია დისტანციური მუშაობის კულტურა მაინც არსებობს, თუმცა ამჯერად კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ბევრად აქტიურია. ამას მოწმობს მათ შორის სავაჭრო ცენტრებში ლიკვიდურობის დაბალი დონეც, რაც იმას ნიშნავს რომ საკმაოდ ცოტა გასაქირავებელი ფართია დარჩენილი. რაც შეეხება პროგნოზებს, ველით, რომ მოთხოვნისა და ფასების ზრდის ტრენდი მომავალ წელსაც გაგრძელდება",- აღნიშნავს სალომე დეისაძე.