LIVE

Binance - პოზიტიურად ვართ განწყობილები სებ-ის მიერ ამოქმედებული კრიპტორეგულაციების მიმართ

05 ნოე 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
Binance - პოზიტიურად ვართ განწყობილები სებ-ის მიერ ამოქმედებული კრიპტორეგულაციების მიმართ

Binance-ის რეგიონული ბაზრების ხელმძღვანელი საქართველოს კრიპტორეგულაციებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ესაა უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა. 

კერძოდ, როგორც რიჩარდ ტენგი "ბიზნეს ფორმულასთან" ინტერვიუში განმარტავს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციები ევროპული MICA-ს მსგავსია და შესაბამისად, ის კრიპტობაზრის განვითარების წამახალისებელია. 

"ჩვენ ვსაუბრობთ MICA-ს მსგავს რეგულაციაზე და უშუალოდ MICA ჩვენთვის გახლავთ სწორი მიმართულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ ესაა უსაფრთხოების და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა. 5 წლის წინ ამ ინდუსტრიაში საერთოდ არ არსებობდა არანაირი რეგულაცია, მაგრამ მოგვიანებით, რეგულატორებმა გააცნობიერეს, რომ ესაა სწრაფად მზარდი ინდუსტრია და ამიტომაც საჭიროა მისი დღის წესრიგში დაყენება. დღეს კრიპტოინდუსტრიას სულ სხვანაირად აღიქვამენ და აფასებენ, ზუსტად ამიტომ გახდა საჭირო ამ სფეროს რეგულირებაც. ცხადია, ამ ნაწილში ვგულისხმობ სწორ, სამართლიან, გამართულ, პროგრესულ და მოქნილ რეგულირებას და ქვეყნებს, რომლების სწორედ ამ გზით ვითარდებიან, ძალიან დიდი მომავალი აქვთ",- აღნიშნავს რიჩარდ ტენგი. 

მისივე თქმით, მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით Binance-ის გეგმები საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ ოპტიმისტურია. 

"ჩვენ ნებისმიერ ბაზარს მუდმივად ვაკვირდებით და თვალს ვადევნებთ განვითარების პროცესებს. ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული ახალი რეგულაციების მიმართაც და ამ პროცესებს მხარს ვუჭერთ, რადგან აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანი ეკოსისტემის გასავითარებლად. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია მოქმედებს და ოპერირებს სხვადასხვა იურისდიქციის ქვეშ და ადგილების მიხედვით განვითარების დინამიკაც ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირადად ჩემთვის, იმისთვის რომ იყო წარმატებული, საჭიროა სამი რამ: პირველი, ესაა მომხმარებლები და ჩვენ მათ შორის აქ, საქართველოშიც, ვართ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების დამსახურებით. მეორე, ესაა პარტნიორებთან მუშაობა - ეს შეიძლება იყოს საბანკო პარტნიორები, ან თუნდაც თქვენი მსგავსი, მედია პარტნიორები. ჩვენ ორივე ნაწილს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. და ბოლოს, წარმატების მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი კანონმდებლები ანუ რეგულატორები არიან. მათი სწორი პოლიტიკა განსაზღვრას ჩვენს მომავალს",- ამბობს რიჩარდ ტენგი.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის რეგიონული ბაზრების ხელმძღვანელი რიჩარდ ტენგი ამბობს, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს მთავარი პრობლემაც განათლებაშია. 

"ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა, პრინციპში, ყველგან ერთი და იგივეა - ესაა განათლება და ამ ნაწილში ვგულისხმობ განათლებას არამხოლოდ მომხმარებლის დონეზე, არამედ პოლიტიკის შემქმნელებსაც სჭირდებათ მეტი ცოდნა. ახლა კრიპტოინდუსტრიაში საკმაოდ დამაბნეველი მდგომარეობაა, რადგან მარეგულირებლების უმეტესობა ცდილობს კრიპტოს იძულებით მორგებას ერთ-ერთ არსებულ საყრდენში. თუ გადავხედავთ გლობალურ რეგულაციებს, ზოგი კრიპტოს აღიქვამს როგორც უსაფრთხოებას, ზოგი მას უყურებს მხოლოდ როგორც საქონელს, პროდუქტს, ზოგიც კი ციფრული გადახდის საშუალებად. არიან ისეთი რეგულატორებიც, რომლებიც კრიპტოს სრულიად განსხვავებული აქტივების კლასს მიაკუთვნებს და ბევრი საერთოდაც ეწინააღმდეგება რეგულირების სტანდარტებს, ამ ყველაფრის გამო კი გამოწვევების წინაშე ვდგებით და ზუსტად ამიტომაა საჭირო მეტი ცოდნა, განათლება. თუმცა ახლა იმედი გვაქვს, რომ  ევროპარლამენტის მიერ კრიპტოაქტივების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაციის, MICA-ს დამტკიცების შემდეგ, პროცესები ბევრად გამარტივდება და უფრო ცხადი გახდება", - აღნიშნავს რიჩარდ ტენგი.