LIVE

ADB: შუა დერეფანს მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში

01 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 378

შუა დერეფანს მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში,- ასე აფასებს აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალს, რომლის ნაწილი საქართველოცაა.

როგორც რობერტა კასალიმ „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მომავალში დერეფნის აქტუალობის შესანარჩუნებლად მონაწილე ქვეყნების მეტი კოორდინაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო.

„შუა დერეფანი ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა და ეკონომიკური თვალსაზრისით ის კარგი შესაძლებლობაა მონაწილე ქვეყნებისთვის. ამ სატრანსპორტო დერეფანს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას. მიგვაჩნია, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ნაწილია ამ დერეფნის, რადგან მას სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ის ერთგვარი გზაჯვარედიანია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. რაც შეეხება გამოწვევებს, ვფიქრობთ, შუა დერეფნის გარშემო ჯერ კიდევ არაა სათანადო ინფრასტრუქტურა და საჭიროა, დამატებით განვითარდეს საპორტო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმცა გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის ბარიერების შემცირება და ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება“,- განაცხადა რობერტა კასალიმ.

რაც შეეხება საქართველოს, სწორედ ინფრასტრუქტურაა ის მიმართულება, სადაც აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველომ დამატებითი ინვესტიციები უნდა განახორციელოს. ADB-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

„საქართველოში აქტიურად ვუჭერთ მხარს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. თითქმის უკვე დასრულებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. თუმცა მიღმა გზების მშენებლობისა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მომავალში ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაც. მიგვაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაც, ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის პროექტი მოცემულ ვითარებაში განსაკუთრებულ როლს იძენს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიღმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასევე აუცილებელია კერძო კაპიტალის და ინვესტიციების მობილიზება. ჩვენი ადგილობრივი ოფისი საქართველოს მთავრობასთან ერთად უკვე მუშაობს ქვეყნის სტრატეგიის შექმნაზე, რომელიც 2024 წლისთვის მზად იქნება. ეს სტრატეგია მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, სადაც შეგვიძლია თქვენს ქვეყანას ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა ტიპის დახმარება გავუწიოთ. ქვეყნის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური მიმართულებით წინსვლა. ვფიქრობთ, ამ ნაწილშიც შეგვიძლია საქართველოს დახმარება გავუწიოთ. ასევე მნიშვნელოვანია ავიაციის მიმართულება, რამაც მეტი ადამიანი უნდა შემოიყვანოს ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას. აზიის განვითარების ბანკს ნამდვილად შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმით“,- განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 26-27 ოქტომბერს გამართული თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ შუა დერეფნისთვის გაჩენილი ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები იყო.