LIVE

დღეიდან 4-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღება კვლავ შესაძლებელია

01 ნოე 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
დღეიდან 4-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღება კვლავ შესაძლებელია

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დღეიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 3-დან 4 წლამდე გაიზარდა. შესაბამისად, მომხმარებლებს მაქსიმუმ 4-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლიათ.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 18 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო.

„საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა", - აღნიშნული იყო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე 2022 წლის აგვისტოში შეამცირა. მაშინ ითქვა, რომ აღნიშნული რეგულაცია ძალაში ერთი წელი იქნებოდა, თუმცა მისი გაუქმების გადაწყვეტილებას სებ-ი კონკრეტული შედეგების საფუძველზე მიიღებდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კი მარეგულირებელმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობა უცვლელად დატოვა.