LIVE

სებ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადას სექტემბერში გადახედავს

02 აგვ 202313:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
სებ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადას სექტემბერში გადახედავს

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობას ეროვნული ბანკი ჯერჯერობით უცვლელად ტოვებს. შესაბამისად, მომხმარებლებს კვლავ მაქსიმუმ 3-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლიათ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სესხების მაქსიმალური ვადის გაზრდის საკითხი სექტემბერში, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

თურნავა რეგულაციის პოზიტიურ შედეგებზე საუბრობს და ამასთან აღნიშნავს, რომ  საკრედიტო აქტივობებში სამომხმარებლო სესხის წილი კვლავ მზარდია, რის გამოც საჭიროა ამ შეზღუდვის დადებითი და უარყოფითი მხარეების გადახედვა.

„ამ თვალსაზრისით კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ამ ტიპის საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპი გასულ წელს პიკზე, 40%-ზე იყო, დღეს კი თითქმის განახევრებულია და 20-22%-ს შეადგენს“, - ამბობს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შარშან აგვისტოში შეამცირა. მაშინ ითქვა, რომ აღნიშნული რეგულაცია ძალაში ერთი წელი იქნებოდა, თუმცა მისი გაუქმების გადაწყვეტილებას სებ-ი კონკრეტული შედეგების საფუძველზე მიიღებდა.