ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-ში აცხადებენ, რომ პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი ნოემბერში მოეწერება.
როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, პორტის გაფართოებისთვის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დაიწყება და შედეგად პორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
იენ როლინსონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და პოტენციალის გასაზრდელად რკინიგზის მიმართულებითაც განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები.
„ველით, რომ საქართველოს მთავრობასთან პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელშეკრულება მომავალი თვის ბოლოს გაფორმდება. უშუალოდ სამუშაოებს 2024 წელს დავიწყებთ და საბოლოოდ ახალი ინფრასტრუქტურა ფოთის პორტში 2026 წელს გვექნება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის პორტის გამტარუნარიანობას და ბუნებრივია, დადებითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. ვიცით, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, როგორც შუა დერეფანში, ასევე უშუალოდ საქართველოს სატრანსპორტო დარგში გარკვეული შეფერხებებია, თუმცა ვცდილობთ, რომ რამდენადაც შესაძლებელია ეფექტურად მოვემსახუროთ ტვირთებს. თუმცა ასევე აუცილებელია განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები რკინიგზის დარგში, რათა მისი გამტარუნარიანობა თანხვედრაში იყოს სამომავლოდ ჩვენი პორტის შესაძლებლობებთან, როგორც საქართველოს ნაწილში, ასევე რეგიონის ქვეყნების მიმართულებით“,- განაცხადა იენ როლინსონმა.
ცნობისთვის, APM Terminals-ი პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით მთავრობის ნებართვას უკვე რამდენიმე წელია ელის. პროექტის პირველი ფაზის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებად 250 მლნ დოლარი სახელდებოდა.