APM Terminals-ი საქართველოს მთავრობისგან ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით ნებართვის მიღებას კვლავ ელის.
პორტის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, ნავსადგურის დაღრმავების სამუშაოები შესაბამისი ნებართვის მიღებისთანავე დაიწყონ, რის შედეგადაც პორტი ღრმაწყლოვანი გახდება.
როგორც "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ბიზნესის განვითარების მენეჯერმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, კომპანია საქართველოს მთავრობასთან კვლავაც აქტიური მოლაპარაკებების პროცესშია და იმედოვნებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით წლის ბოლომდე შეთანხმება შედგება.
მისი განმარტებით, ნავსადგურის დაღრმავების და გაფართოების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
„ჩვენ საქართველოს მთავრობასთან კვლავაც მოლაპარაკებების პროცესში ვართ და ვფიქრობ, პროგრესი სწორი მიმართულებით გვაქვს. ვმუშაობთ, რომ გავაფართოოთ ფოთის პორტი, რადგან ვიცით, რომ მსგავსი ინვესტიცია საქართველოს სჭირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენ ვნახეთ გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში. საქართველოს მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, მათ იციან ჩვენი გეგმების შესახებ. გვსურს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე წელს წინ წავიწიოთ და უკვე მშენებლობის პროცესი დავიწყოთ. თუკი შევხედავთ მოლაპარაკებების პროცესს, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება, როგორც საქართველოსთვის, ასევე "ეიპიემ ტერმინალსისთვის". ნავსადგურის გაფართოების პროექტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას მოიცავს, რომელიც დიდი ზომის გემების მიღებას შეძლებს. მსგავსი პორტი არამხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად შუა დერეფანს სჭირდება. როგორც კი მთავრობასთან მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მშენებლობას. ვფიქრობთ, მშენებლობის დაწყებიდან 2-3 წელში უკვე გვექნება ახალი ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოოდ პორტის გამტარუნარიანობას გააორმაგებს“, - განაცხადა მარკო ესკობარმა.
ცნობისთვის, APM Terminals-ი პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით მთავრობის ნებართვას უკვე რამდენიმე წელია ელის. ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებად 250 მლნ დოლარი სახელდებოდა.