
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე დადებითად აფასებს სებ-ის გადაწყვეტილებას, რომელიც არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 3-დან კვლავ 4 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
მისი განმარტებით, მომხმარებლებს მეტ კრედიტზე ექნებათ წვდომა, რაც ეკონომიკისთვისაც კარგია.
გაჩეჩილაძემ ასევე დადებითად შეაფასა არაჰეჯირებული სესხების ნაწილში არსებული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება.
„ვფიქრობ, ეს წარსულში არასწორი შეზღუდვა იყო, რადგან გვყავს ემიგრანტები, რომლებიც თანხას აგზავნიან. თუ ევროპაში იმყოფებიან, მათ შემოსავალი ევროში აქვთ. საქართველოში ბინის ყიდვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროში კრედიტის აღების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ. ლარში კრედიტის აღებას თავისი რისკები შეიძლება ახლდეს, როცა შემოსავალი და გადასახდელი თანხა სხვადასხვა ვალუტაშია. ესეც მგონია, რომ ძალიან დადებითი და სწორი ცვლილება იყო, რომ მხოლოდ ლარზე კი არ იყოს შეზღუდვა, არამედ, არაჰეჯირებულზე.
რაც შეეხება 300 000 ლარის ლიმიტის აწევას, ეს რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვაა. მომხმარებლისთვის კარგი არ არის, როცა არჩევანი ეზღუდება, თუმცა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა კვლავ 4 წლამდე გაიზრდება.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან კი, იხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს, 200 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში შეუძლია.
მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან კიდევ ერთი ცვლილება ამოქმედდება. კერძოდ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდეა, ახალი კრედიტის აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ.