LIVE

პირველი ნოემბრიდან 4-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღებას კვლავ შეძლებთ

18 ოქტ 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
პირველი ნოემბრიდან 4-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღებას კვლავ შეძლებთ

ეროვნული ბანკი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას კვლავ 4 წლამდე ზრდის.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 1 წლით იზრდება, რაც ნიშნავს რომ 4-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღებას კვლავ შეძლებთ. 

"საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა",- აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე გასული წლის აგვისტოში შეამცირა. თავდაპირველად ითქვა, რომ რეგულაცია ძალაში ერთი წელი იქნებოდა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება უცვლელი იყო. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა ორჯერ გადადო. სხდომა თავდაპირველად 27 სექტემბერს იყო ჩანიშნული.