LIVE

ტანზანიის პრეზიდენტი, რომლის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, გარდაიცვალა

18 მარ 202110:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1162
ტანზანიის პრეზიდენტი, რომლის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, გარდაიცვალა
Michele Spatari/AFP/Getty Images

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის არსებობას უარყოფდა, 61 წლის ასაკში, სავარაუდოდ, სწორედ ამ ვირუსით  გარდაიცვალა. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. 

”ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მამაცი ლიდერი, პრეზიდენტი ჯონ მაგუფული, რომელიც გულის დაავადებით გარდაიცვალა”, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა. მისი თქმით, მაგუფული ავად 14 მარტს გახდა და ტანზანიის უდიდეს ქალაქში, დარ-სალაამის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჯონ მაგუფული საჯაროდ ბოლოს 24 თებერვალს გამოჩნდა. მისმა რამდენიმეკვირიანმა გაუჩინარებამ გააჩინა ეჭვი, რომ ის ავად იყო. ოპოზიცია მთავრობისგან პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, მაგუფული სამკურნალოდ კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაემგზავრა. კენიაში გამომავალი გაზეთი The Nation წერდა, რომ ნაირობის საავადმყოფოში აფრიკის ლიდერი მოათავსეს, თუმცა სტატიაში მისი ვინაობა დაზუსტებული არ იყო. ლიდერი, სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებული იყო. 

ბოლო თვეებში მაგუფულის კორონავირუსის პადემიის არაორდინალურად მართვის გამო, ხშირად აკრიტიკებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი საავადმყოფოები Covid-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანებით სავსეა, ის აცხადებდა, რომ ქვეყანაში დაავადება არ ვრცელდებოდა. მაგუფული მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ელოცათ. 2020 წლიდან ტანზანია კოვიდსტატისტიკას აღარ აწარმოებს. მთავრობა არც კორონავირუსის ვაქცინების მომარაგებაზე ზრუნავს.

პრეზიდენტი, რომელსაც აგრესიული მართვის სტილის გამო, მეტსახელად "ბულდოზერი" შეარქვეს, თავდაპირველად ხალხში პოპულარული კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის, სამთავრობო ხარჯებისა და გლეხების გადასახადების შემცირების გამო გახდა. მან განავითარა სატრანპორტო კავშირები, ელექტროსისტემა და ჯანმრთელობის ცენტრები, ქვეყანაში მოიზიდა ინვესტიციები და ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა მისი მმართველობა უფრო და უფრო ავტორიტარული ხდებოდა. მან მოახდინა პრეზიდენტის ძალაუფლების ცენტრალიზება და ებრძოდა სიტყვისა და მედიის თავისუფლებას. 

გასული წლის ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში ის მეორე ვადით ხმების 84%-ით აირჩიეს, რაც 30 წლის მანძილზე ქვეყანაში პრეზიდენტის არჩევნებში უდიდეს გამარჯვებას ნიშნავს. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები გაყალბდა. შედეგები საეჭვოა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. 

მაგუფულის გარდაცვალების შემდეგ, მის პოსტს დაიკავებს 61 წლის სამია სულუჰუ, რომელიც ქვეყნის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ, ტანზანიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ კოენი და ფუმბუკა ნ'განაკილალა