
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირის მხარდაჭერით, 27 ოქტომბერს სოციალური საწარმოების რიგით მეოთხე, მასშტაბურ B2B გამოფენას უმასპინძლებს.
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, სოციალური საწარმოების B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას დაესწრებიან ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
CSRDG-ის B2B პარტნიორობის მენეჯერის, გიგა ჩიტიშვილის თქმით, გამოფენის მთავარი მიზანი სექტორთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაა, ასევე პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა, მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.
„საქართველოში ასეთი თანამშრომლობის პრაქტიკა 2017 წელს ჩვენ დავნერგეთ. გამოფენების მიზანია, თანამშრომლობები მეტად გამრავალფეროვნდეს - გაიზარდოს რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც. გრძელვადიანი პერსპექტივაში, ხარისხიანი თანამშრომლობები ერთგვარი მდგრადობის მექანიზმია სოციალური საწარმოებისთვის“,- აღნიშნავს გიგა ჩიტიშვილი.
მისივე თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე სოციალური და მწვანე მიზნის საწარმო, ხოლო მოწვეულია დაახლოებით 300-400 კომპანია და 1 200-მდე სტუმარი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას და მომსახურებას.
გამოფენაში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც B2B გამოფენა სთავაზობს ბიზნესებს, "ბიზნეს ფორმულა" ღონისძიების რამდენიმე მხარდამჭერ კომპანიას ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ წელს B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის. ოქროს მხარდამჭერები კი არიან სასტუმროების ქსელი ინნ ჰოსფითალითი და თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია - თეგეტა გრინ პლანეტი, რომელიც გამოფენის მწვანე საწარმოების წარმდგენიცაა. თეგეტა გრინ პლანეტში აცხადებენ, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა, რის გამოც აქტიურად უჭერენ მხარს მსგავს ღონისძიებებს.
„გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია. სოციალური და მწვანე მეწარმეების საქმიანობა კი, სწორედ მწვანე მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის მდგრადი ცვლილებების მომტანია. შესაბამისად, „თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თანამოაზრეების გაძლიერების გზით, ვცდილობთ მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა შევქმნათ ქვეყანაში. ბიზნეს სექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვართ როგორც გამოფენის მხარდამჭერები, ასევე B2B შეხვედრების მონაწილეებიც. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, გარემოზე მზრუნველმა ორგანიზაციებმა გავიცნოთ ერთმანეთი და ერთად მოვძებნოთ პლანეტაზე და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებში, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტები",- ამბობს თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი, შალვა ახვლედიანი.
ღონისძიების ვერცხლის სპონსორია სოკარი, რომელსაც სოციალური საწარმოების გამოფენებში მონაწილეობის პოზიტიური გამოცდილება აქვს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ბიზნესი, როგორც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, მხარს უნდა უჭერდეს მსგავს პროექტებს.
„წლების განმავლობაში ვაფინანსებთ და ვეხმარებით პროექტებს, რომლებიც მდგრად და ეფექტურ შედეგებს გვაჩვენებს. განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ ორგანიზაციებს, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ. სწორად ამიტომ სოციალური საწარმოების გამოფენებში არაერთხელ მიგვიღია მონაწილეობა და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით მათ მნიშვნელობაში.
მიგვაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, აუცილებლად უნდა იდგეს ასეთი პროექტების გვერდით. უშუალოდ ჩვენ, სოკარის გუნდს, ჩვენს ვალდებულებადაც მიგვაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი გამოფენების მხარდაჭერა. ვხედავთ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენს ხედვას სხვა კომპანიებიც იზიარებენ, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღონისძიება კიდევ უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა სოკარის მარკეტინგისა დირექტორმა, თათუკა ჯავახიშვილმა.
გამოფენის კიდევ ერთი ვერცხლის მხარდამჭერია ალგი აუდიტია, რომლისთვისაც ასევე პრიორიტეტულია სოციალურად მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობა.
„ალგი აუდიტისთვის, როგორც პასუხისმგებელი დამსაქმებლისთვის სოციალურად მნიშვნელოვან ღონისძიებებში ჩართულობა პრიორიტეტულია. ჩვენ გუნდს სჯერა, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარება ქვეყანაში მრავალი მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევის საპასუხო აქტივობაა“, - განაცხადა კახა თეთრუაშვილმა, ალგი აუდიტის მმართველმა პარტნიორმა.
B2B გამოფენის ფარგლებში სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს. ღონისძიების მედია პარტნიორები კი ბიზნესპარტნიორი, BMG, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, BPN და Business Insider Georgia არიან.
ცნობისთვის, B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. გამართული ღონისძიებების შედეგად გამოფენის მონაწილე სოციალურმა საწარმოებმა 80-მდე ბიზნესკომპანიასთან გამართეს 300-მდე B2B შეხვედრა, გაფორმდა 200 000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი და გაძლიერდა 40-ზე მეტი საწარმო.