LIVE

რატომ იზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტი - ბიზნესის განმარტება

22 ოქტ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 520

ავტოიმპორტიორების ნაწილი ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტის ზრდას ამ ბაზრებზე გააქტიურებულ მოთხოვნას უკავშირებს.

როგორც „კავკასიის ავტოიმპორტში“ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, ისეთ ბაზრებზე როგორიცაა ყირგიზეთი და ყაზახეთი, ექსპორტის გააქტიურება დაგროვილ მოთხოვნას და საქართველოს მიმართ გაზრდილ ნდობას უკავშირდება.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ავტოინდუსტრიისთვის რუსეთის ბაზრის დაკარგვა მნიშვნელოვანი გამოწვევა არ იქნება და მისი ჩანაცვლება უკვე მოხდა ცენტრალური აზიის და მეზობელი ქვეყნებით.

„რუსეთში ავტომობილების ექსპორტი თითქმის განულებულია, თუმცა აქამდეც მას ჩვენს ავტოინდუსტრიაში მხოლოდ 5% ეჭირა და არც იყო სამიზნე ბაზარი. ამიტომ რუსეთის ბაზრის დაკარგვა ბიზნესისთვის არ იქნება ზიანის მომტანი. რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტის ზრდას, საქართველო რეგიონში ზოგადად ერთ-ერთი მთავარი ჰაბია და ჩვენი რეგიონის სამიზნე ქვეყნებშიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამჟამად მოთხოვნა ისეთი ბაზრებიდან მოდის, როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. როგორც ვიცით, აქამდე მაგალითად ყაზახეთი რუსეთიდან მარაგდებოდა ავტომობილებით. ახლა კი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყაზახეთი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობს, მათ შორის საქართველოდან რეექსპორტის საშუალებით“, - განაცხადა "კავკასიის ავტოიმპორტის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კახა ლომიძემ.

რაც შეეხება საკითხს, შედის თუ არა საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების ნაწილი ცენტრალური აზიის გავლით რუსეთში, ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დასკვნის გაკეთება მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

ალექსი ნონიაძის განცხადებით, ქართულ მხარეს არ აქვს იმის რესურსი, რომ გააკონტროლოს, თუ რა არის ცენტრალურ აზიაში გასული ავტომობილების საბოლოო დანიშნულება. მისი თქმით, ერთ-ერთი გზა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოიხსნას, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნაა.

„რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის თითქმის განულების პარალელურად, მზარდია ექსპორტი ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი. საქართველოდან ცენტრალურ აზიაში ავტომობილები ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გადის. თუმცა დამატებითი კვლევაა ჩასატარებელი იმის დასადგენად, რჩება თუ არა ეს ავტომობილები რუსეთის ტერიტორიაზე, თუ დანიშნულების ადგილზე ჩადის. ამას მხოლოდ ქართული მხარე ვერ გაარკვევს, მეორე ქვეყანაც უნდა იყო ჩართული. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები რომ მოიხსნას, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში ნაკლები რისკები იქნებოდა“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ცნობისთვის, სექტემბერში საქართველოდან რუსეთში მხოლოდ 26 მსუბუქი ავტომობილი ($304 ათასის ღირებულების) გაიყიდა, რაც მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია და დასავლეთის სანქციების ეფექტით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაგალითად, გასულ თვეს საქართველოდან ყირგიზეთში 2 139 ერთეული $71,4 მილიონის ღირებულების, ყაზახეთში კი $67,8 მილიონის 4 849 ერთეული ავტომობილი გაიყიდა.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 1 მილიარდ 566 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც წლიურად 164%-იანი ზრდაა.