LIVE

adjaranet და imovies კვლავ გაითიშა - ამოღებულია სერვერები

18 ოქტ 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 7794
adjaranet და imovies კვლავ გაითიშა - ამოღებულია სერვერები

პირატული გვერდები: adjaranet.com, adjaranet.to და imovies.ge კვლავ გაითიშა. ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიზეზი სერვერების ამოღებაა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ბეჟაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია სერვერები, სადაც პირატული გვერდები ფაილებს ათავსებდნენ.

"პირატულ გვერდებთან ბრძოლის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო ეტაპი. ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო სერვერები, რომელსაც პირატული გვერდები იყენებდნენ. სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის არ შემიძლია დაგიდასტუროთ, თუ რამდენად ეკუთვნოდა აღნიშნული სერვერები "ქლაუდ ცხრას". ან მოასწრეს თუ არა მათ ფილების სხვა სერვერზე გადატანა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საიტები სრულად არის ინტერნეტსივრციდან გათიშული",- განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ინტერნეტმომსახურებას სწორედ "ქლაუდ ცხრისგან" იღებს, ავრცელებს საავტორო უფლებების დამრღვევ ისეთ ვებგვერდებს, როგორებიცაა adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc. ამის გამო, გასულ კვირას, კომისიამ კომპანია წერილობით გააფრთხილა. პარალელურად კი, როგორც ირკვევა ფინანსური პოლიცია სერვერების ძებნის ოპერაციას ახორციელებდა.