
ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი შეზღუდვები დააწესა ჩინეთში ნახევარგამტარების ექსპორტზე. შეზღუდვა შეეხო უმსხვილესი ჩიპების მწარმოებელი კომპანიის, Nvidia-ს კონკრეტულ პროდუქციას, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის იყო გათვლილი. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 4.7%-ით დაეცა.
Nvidia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, რომ შეზღუდვა შეეხო ორი მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტის ჩიპის - A800-ის და H800-ის ექსპორტზე გატანას. სანქციები შეეხო კიდევ ორ მსხვილ ამერიკულ კომპანიას Advanced Micro Devices-ის და Intel-ს. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შეზღუდვა ყველაზე მეტად Nvidia-ს დააზარალებს, რადგან კომპანია მონაცემთა ცენტრის ჩიპების გაყიდვებიდან შემოსავლის 25%-ს ჩინეთიდან იღებს.
ახალი სანქციები იმ ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რომლებიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ოქტომბერში აშშ-მ ჩინეთში ჩიპების ექსპორტზე პირველი შეზღუდვები დააწესა. აშშ-ს მხრიდან შეზღუდვების დაწესების მიზეზი, ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობის გაძლიერებისთვის ხელის შეშლა იყო.
აშშ-ს ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციას თქმით, რომელიც სექტორის შემოსავლების 99%-ს წარმოადგენს, ახალი ზომები "ზედმეტად ფართო" და "რისკის შემცველია“, რამდენადაც უცხოელ მომხმარებლებს უბიძგებს სავაჭრო პარტნიორები სხვაგან ეძებონ.
ახალ შეზღუდვებზე კომენტარი გააკეთა ჩინეთის საელჩოს სპიკერმაც, რომელიც „მკაცრად ეწინააღმდეგება“ მათ. აღსანიშნავია, რომ სანქციები, რომლებიც 30 დღეში ამოქმედდება, რუსეთსა და ირანსაც შეეხება.
აშშ-ს წინა ნაბიჯების საპასუხოდ, ორი თვის წინ, ჩინეთმა ჩიპების წარმოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი მეტალების, გალიუმისა და გერმანიუმის ექსპორტი შეზღუდა. ჩინეთი ამ მეტალების გლობალური მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ინდუსტრიული ორგანოს, Critical Raw Materials Alliance-ის (CRMA) მიხედვით, გალიუმისა და გერმანიუმის მსოფლიო მთლიანი წარმოების, შესაბამისად, 80% და 60% ჩინეთზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთისთვის ჩიპებზე საექსპორტო შეზღუდვები, აშშ-ს გარდა იაპონიამ და ნიდერლანდებმაც დააწესეს.
მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მუდმივი შეტაკება გამოიწვია ეგრეთ წოდებულმა „რესურსების ნაციონალიზაციამ“, რაც მნიშვნელოვან რესურსებზე ჰეგემონობასა და სხვა ქვეყნებისთვის წვდომის შეზღუდვას გულისხმობს.