
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ჩინეთში 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. აშშ-ს მაღალჩინოსნის ჩინეთში ჩასვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
უცხოური მედიის ზოგადი შეფასებით, ვიზიტი წარმატებული იყო. ორი ქვეყნის წარმომადგენლები, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდის შემდეგ, ისევ დასხდნენ პირისპირ. ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებდა მოწოდებებს, ახლანდელი მხარეების ოფიციალური შეხვედრა შეაფასეს, როგორც თავაზიანი და მოკრძალებული. მედიის შეფასებით, შეხვედრის ტონი და შინაარსი ბევრად პოზიტიური და ზომიერი იყო.
ჯანეტ იელენი ჩინეთის ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს, ჰი ლიფენგს შეხვდა. შეხვედრა მინისტრებს შორის შაბათს გაიმართა და იელენის შეფასებით, „მნიშვნელოვანი უთანხმოების“ მიუხედავად, დიალოგი ძირითად თემებზე „პირდაპირ და პროდუქტიულად“ წარიმართა.
„ამ შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა ძლიერ და პროდუქტიულ კავშირს ჩინეთის ახალ ეკონომიკურ გუნდთან“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა.
ჩინეთში ჯანეტ იელენის ვიზიტს წინ უძღოდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ამ შეხვედრის მთავარი შედეგი ურთიერთობების დასტაბილურებაზე შეთანხმება იყო.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ძალისხმევა არ დაიშურა თავისი მასპინძლებისთვის დაემტკიცებინა, რომ ჯო ბაიდენის მმართველობაში, ამერიკა ჩინეთის მიმართ მტრულად განწყობილი არაა. გამოიღო თუ არა შედეგი ასეთი შინაარსის დიალოგმა, ჩინური მხარის ოფიციალური კომენტარის გაკეთების შემდეგ გახდება ცნობილი.
აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ასეთი განცხადებების მიუხედავად, მათი ქმედებები სხვაგვარად მეტყველებენ. ამის ნათელი მაგალითი მთავრობის მიერ მაღალტექნოლოგიურ ჩიპებზე ჩინეთში ექსპორტის შეზღუდვის დაწესებაა. კონფლიქტის შერბილების ნაცვლად, აშშ თავის მოკავშირეებსაც მოუწოდებს მსგავსი შეზღუდვების დაწესებისკენ და ამ მიმართულებით ინიციატივები უკვე მიიღეს იაპონიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. „ტექნოლოგიურ ომში“ ამერიკის მთავარი მოტივაცია ჩინეთისთვის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე წვდომის შეზღუდვაა, რომელიც შესაძლოა ერთ დღეს აშშ-ს წინააღმდეგ გამოიყენოს.
ეს გარემოებები ამტკიცებს, რომ აღდგენილი მაღალი რანგის დიალოგების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ დელიკატურია. ბოლო რამდენიმე დღეში მიღწეული პროგრესმა შესაძლოა ისევ უკან დაიხიოს ისეთი შემთხვევების დამსახურებით, როგორიც ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბუშტის ინციდენტი იყო. ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ასეთ რთულ ურთიერთობას, სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ფრთხილი და გრძელ ვადაზე გათვლილი მენეჯმენტი სჭირდება.