LIVE

ჩინეთი ჩიპის დასამზადებლად საჭირო მეტალების ექსპორტს ზღუდავს

04 ივლ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 570
ჩინეთი ჩიპის დასამზადებლად საჭირო მეტალების ექსპორტს ზღუდავს

ჩინეთი შემდეგი თვიდან ჩიპების დასამზადებლად საჭირო მეტალების, გალიუმისა და გერმანიუმის, ექსპორტს შეზღუდავს. ამ ნივთიერებების ექსპორტისთვის ქვეყანა სპეციალურ ლიცენზიებს გასცემს. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვას“ ასახელებს.

ეს მეტალები, რომელთა უმსხვილესი მწარმოებელი სწორედ ჩინეთია, გამოიყენება ჩიპების, საკომუნიკაციო და საბრძოლო აღჭურვილობის დასამზადებლად, ასევე საჭირო მასალაა მზის პანელების წარმოებისთვისაც. თავის მხრივ, ჩიპები გამოიყენება ყველაფრისთვის დაწყებული ტელეფონებით, დამთავრებული სამხედრო მოწყობილობებით, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ უდიდესი ეკონომიკის მქონე ორ ქვეყანას, აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური ომი სწორედ ჩიპების გარშემოა გაჩაღებული.

ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით უსწრებს პეკინში აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის ვიზიტს, რომელმაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უნდა განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მისი ჩასვლა წელს უკვე აშშ-ს მეორე მაღალჩინოსნის ვიზიტი იქნება - გასულ თვეს მაღალი რანგის მოლაპარაკებების განახლების მიზნით, პეკინში ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

ამერიკამ ჩინეთისთვის კონკრეტული ტიპის ჩიპების ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ჩიპების ექსპორტიორებს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიით შეუძლიათ ჩინეთში პროდუქტის გატანა. შეზღუდვა შეეხო მათაც, ვისაც საზღვარგარეთ წარმოებული, თუმცა ამერიკაში აწყობილი ჩიპები გააქვთ ექსპორტზე. აქ საუბარია ისეთ ტიპის ნახევარგამტარებზე, რომლებიც სუპერკომპიუტერებში და ხელოვნური ინტელექტისთვის გამოიყენება. შეზღუდვების დაწესებაში ამერიკის მთავარი მოტივაცია ჩინეთის მხრიდან განვითარებული ტექნოლოგიების საბრძოლო მიზნებისთვის გამოყენების საშიშროებაა.

აშშ-მ მსგავსი ტიპის შეზღუდვების შემოღებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა. საპასუხოდ კი იაპონიამ და ნიდერლანდებმა მართლაც მიიღეს ახალი ზომები. გასულ კვირას ნიდერლანდების მთავრობამ განაცხადა, რომ დააწესებს საექსპორტო შეზღუდვებს კონკრეტული ჩიპების საწარმოო აღჭურვილობაზე. წლის დასაწყისში კი ქვეყანამ ყველაზე განვითარებული მიკროჩიპების ექსპორტი შეზღუდა. მოსალოდნელია, რომ კონტროლის ზომები გავლენას მოახდენს ჰოლანდიურ კომპანია ASML-ზე, რომელიც ჩიპების დასამზადებელ მანქანებსა და აღჭურვილობას აწარმოებს. ASML-ი ჩიპების გლობალური წარმოების ქსელში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

იაპონია კომპიუტერული ჩიპების ექსპორტზე აწესებს შეზღუდვას. ზომები, რომელთა შესახებ ცნობილი მარტში გახდა, 23 სახეობის ნახევარგამტარის დასამზადებელ აღჭურვილობას შეეხება.

ექსპორტის შეზღუდვების საპასუხოდ ჩინეთი ხშირად უწოდებს აშშ-ს „ტექ-ჰეგემონს“. თავის მხრივ, პეკინმა ბოლო თვეებში შეზღუდვები დაუწესა იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც სამხედრო სფეროსთანაა დაკავშირებული. ასეთი იყო, მაგალითად, Lockheed Martin-ი.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი უკვე გაფრთხილებულია ვაშინგტონ-პეკინის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის საშიშროებებზე. გასულ თვეს კი სწორედ მან განაცხადა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას დამღუპველი შედეგები ექნება.