LIVE

მსოფლიო ბანკი: საქართველოში გამოწვევაა მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები

18 ოქტ 202314:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
მსოფლიო ბანკი: საქართველოში გამოწვევაა მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები

ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების პროცესი შენელდა და ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით,- ასე აფასებს მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. 

საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად  სისტემატურ დიაგნოსტიკური კვლევის განახლებული შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ზრდასა და მდგრად განვითარებას განაგრძობს, მაგრამ რიგი გამოწვევები კვლავ დაუძლეველია. როგორც  მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა აღნიშნა, მათ შორისაა ისეთი სამუშაო ადგილების დეფიციტი, რომლებიც ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც აჩვენებს რომ საქართველოს აქვს მყარის საფუძვლები. მეტიც,  უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რეგიონში საქართველო არის გამორჩეული იმ მხრივ, რომ განსაკუთრებულ ზრდას და განვითარებას აჩვენებს, თუმცა ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ქვეყანა ახლა დგას უზარმაზარი გამოწვევის წინაშე, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ამ ნაწილში ვგულისხმობთ ისეთ სამსახურებს, რომელიც არის უფრო შემოსავლიანი და რომელიც გააუმჯობესებს ზოგადი ცხოვრების დონეს. ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ კი ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების ხარისხის გაძლიერებაა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას უფრო ეფექტური ნაბიჯებიც, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც. მსოფლიო ბანკის სისტემატურ დიაგნოსტიკურ კვლევაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ყურადღების გამახვილება ქვეყანას დაეხმარება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიაზე დარჩენაში და ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნაში", - აღნიშნავს როლანდ პრაისი. 

მიღმა განათლების ხარისხის გაძლიერებისა, კვლევის ფარგლებში გამოკვეთილია სხვა პრიორიტეტებიც. ესენია: მიწით სარგებლობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია და შოკებისადმი მედეგობის ამაღლება. ასევე, დიგიტალიზაცია, ინოვაცია, ინვესტირება ენერგოეფექტურობაში და სხვა.