
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ გადადო. სხდომა 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა სებ-ის განცხადებით, კომიტეტი 18 ოქტომბერს შეიკრიბება.
აღსანიშნავია, რომ წინა სხდომა, რომელიც 2 კვირით გადაიდო, 27 სექტემბერს იყო ჩანიშნული.
ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის გადადების მიზეზი სტატისტიკური მონაცემების მოლოდინია.
სებ-ის ვებგვერდის თანახმად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. კომიტეტს ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და იღებს გადაწყვეტილებებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის შესახებ. აგრეთვე, ადგენს მაკროპრუდენციულ პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა: სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტები; სექტორზე დამოკიდებული რისკის წონები; კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა სისტემური მნიშვნელობის ფინანსურ ინსტიტუტებზე და სხვა.