LIVE

320 000 ახალი აბონენტი - მიგრანტების ეფექტი ტელეკომ ოპერატორებზე

14 ოქტ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
320 000 ახალი აბონენტი - მიგრანტების ეფექტი ტელეკომ ოპერატორებზე

2022 წელს და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მობილურ ოპერატორებს 320 000 ახალი აბონენტი შეემატათ, რაც Galt&Taggart-ის შეფასებით, მიგრანტების შემოდინებამ და ტურიზმის აღდგენამ განაპირობა. ახალი აბონენტების 54% მაგთიკომმა მიიღო.

შესაბამისად, თუკი 2022 წელს სექტორის შემოსავალი ₾1,2 მილიარდს აღწევდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ამ მაჩვენებელმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.4%-იანი ზრდა აჩვენა და ₾648.4 მილიონი შეადგინა, ძირითადად მობილური სერვისების ხარჯზე. შარშან მთელი წლის შემოსავალი მხოლოდ მობილური სერვისებიდან ₾696 შეადგენდა, ხოლო წელს პირველ ნახევარში - 19.4%-იანი ზრდით ₾372 მილიონ ლარს აჭარბებს.

ზოგადად, ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს მობილური მიმართულებიდან გენერირებული შემოსავალი 2021 წლის შემდეგ სტაბილურად ეზრდებათ. ეს ძირითადად იმის დამსახურებაა, რომ კომუნიკაციების კომისია საცალო ტარიფის რეგულირებიდან გამოვიდა, რამაც მობილურ ოპერატორებს ფასების გაზრდის საშუალება მისცა. მეორე მხრივ, ტელეკომ ოპერატორების შემოსავლების ზრდაზე დადებითად აისახა მიგრანტების შემოსვლა, რამაც კომპანიებს მომხმარებელთა რაოდენობა გაუზარდა.

თავის მხრივ, მობილური შემოსავლების მთავარი დრაივერი მობილური ინტერნეტია, რომლის მოხმარება 7-ჯერ არის გაზრდილი 2019 წლიდან 2023 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით პერიოდში. გაზრდილია ტელეკომ ოპერატორების მიერ თითოეული მომხმარებლისგან მიღებული საშუალო შემოსავალიც - აქაც, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციების კომისიის მიერ ტარიფის რეგულირებაზე უარის თქმის გამო. ასე მაგალითად, რეგულირების გაუქმებამდე, მაგთიკომის და სილქნეტის საშუალო შემოსავალი მობილური სერვისების თითოეული მომხმარებლისგან (APRU) 10 ლარს არ აჭარბებდა, ხოლო ტარიფის რეგულირების გაუქმების შემდეგ - მაგთი თითოეული მომხმარებლისგან საშუალოდ 13.6 ლარს იღებს, ხოლო სილქნეტი - 12.1 ლარს. სელფის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6.9 ლარია.