LIVE

ბჟანია: რუსეთმა უზარმაზარი ეკონომიკური დახმარება გაგვიწია

05 ოქტ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 354
ბჟანია: რუსეთმა უზარმაზარი ეკონომიკური დახმარება გაგვიწია

რუსეთის ეკონომიკური დახმარება, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი, ენგურჰესი და რუსი ტურისტები აფხაზეთში, - ასლან ბჟანიამ რუსულ გაზეთ Izvestiya-სთან ინტერვიუში რამდენიმე ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა.

"რუსეთმა უზარმაზარი ეკონომიკური დახმარება გაგვიწია"

"ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხრივ, რუსეთმა უზარმაზარი დახმარება გაგვიწია. ჩვენი რესპუბლიკის გზა მდინარე ფსოუდან იწყება და ენგურამდე გრძელდება - ყველაფერი ეს რუსეთის მხარდაჭერის დამსახურებაა. ეს გზა მათ აღადგინეს და სრულად უზრუნველყვეს განათებით. სოფლად უამრავი გზა გაიყვანეს, ააშენეს ათობით სკოლა, სკოლამდელი განათლების ინსტიტუტები, მუსიკალური სკოლები, თეატრები, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტადიონები, საცურაო აუზები, სამედიცინო დაწესებულებები: რესპუბლიკის საავადმყოფო, ჰოსპიტალი გუდაუთაში, ინფექციური დაავადებების ჰოსპიტალი და კიდევ ერთი ტყვარჩელში - ყველაფერი მოსკოვის მხარდაჭერით განხორციელდა. ამიტომაც, ჩვენი რუსი ხალხის მადლიერნი ვართ, ჩვენ რუსული მმართველობის მადლიერნი ვართ,"- განაცხადა ბჟანიამ. 

"სოხუმის აეროპორტისთვის ინვესტორი უკვე ნაპოვნია"

ინტერვიუში ბჟანია სოხუმის აეროპორტის გახსნის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, პროექტისთვის ინვესტორი უკვე ნაპოვნია. აეროპორტი 2025 წლისთვის აღდგება და იგი ვლადისლავ გრიგორიევიჩ არძინბას სახელობის იქნება.

"საქართველოსთან ურთიერთობები ეკონომიკურია და ისიც მხოლოდ ენგურჰესს ეხება"

საქართველოსთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ოკუპირებული ტერიტორიის დე ფაქტო ლიდერმა ენგურჰესის შესახებ ისაუბრა: "ელექტროსადგურს ჩვენ ერთობლივად ვამუშავებთ, კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, თავად სადგური კი - აფხაზეთის ტერიტორიაზე. სხვა მხრივ ურთიერთობები, თუ არ ჩავთვლით ჟენევის მოლაპარაკებებს, პრაქტიკულად არ არსებობს," - თქვა ბჟანიამ.

"ფსოუს გამშვები პუნქტიდან მეტი რუსი ტურისტი შემოვა"

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს აფხაზეთი სამომავლოდ მეტი ტურისტის მიღებას მაშინ, როცა ფსოუს გამშვებ პუნქტს საკმარისი შესაძლებლობა არ აქვს, ბჟანიამ განაცხადა: "არსებობს გარკვეული გეგმები, რომელთაც დამოუკიდებლად ვერ შევასრულებთ. ამ გეგმებს რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი მუშაობით მივაღწევთ. რუსეთმა მოგვცა ინსტრუქციები, და პროცესი ამჟამად დიზაინის ფაზაშია, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ფსოუს სასაზღვრო გამშვები პუნქტის შესაძლებლობები. ამას ველოდებით და გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ჩვენი მხრიდან იქნება საჭირო. 

მეორე მხრივ, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ტურისტების რაოდენობის ზრდით და კომფორტული პირობები უნდა შევქმნათ მათთვის. Lastochka-ს ელექტრონული მატარებელი უკვე მოძრაობს გაგრის მიმართულებით. შემდეგი წლიდან კი იგი სოხუმამდეც იმოძრავებს. წელს Prince Vladimir-ის კრუიზმა მუდმივ რეჟიმში დაიწყო ოპერირება. ჩვენ გვინდა, რომ გაიზარდოს კომუნიკაციების რაოდენობა,"- აღნიშნა ბჟანიამ.