
აშშ დოლარის ინდექსი, რომელიც დოლარის კურსს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით ზომავს, 10-თვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა და 106.46-ს მიაღწია.
სავალუტო ბაზრის ასეთ შედეგს აშშ-ის საპროცენტო განაკვეთის ხანგრძლივ პერიოდში ზრდის პერსპექტივა განაპირობებს.
ბოლო ვაჭრობის შედეგად ევრო 6-თვიანი მინიმუმზე დაეცა. ის დოლართან მიმართებით 0.14%-ით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ $1.0557 შეადგინა. რაც შეეხება სტერლინგს, ისიც 6-თვიან მინიმუმზეა. ბრიტანული სტერლინგი ბოლოს დოლართან მიმართებით 0.09%-ით დაეცა და $1.2146 შეადგინა. ევრო კვარტალურად 3%-იანი, სტერლინგი კი 4%-იანი გაუფასურებისკენ მიიწევს.
კვირის დასაწყისში 11-თვიან მინიმუმზე ვარდნის შემდეგ, იენი 1 აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 149.03-მდე გაიზარდა. იენის ნელი, თუმცა სტაბილური ვარდნა ¥150-იან ნიშნულამდე იაპონიის ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მოლოდინს აჩენს, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. 2022 წლის სექტემბერში, როდესაც 1 დოლარის ღირებულებამ 145 იენს გადააჭარბა, იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ იენი იყიდა და დოლარის გაცვლითი კურსი ქვეყნის ეროვნულ ვალუტასთან 1:140 ნიშნულამდე დააბრუნა.
აშშ-ის ცენტრალური ბანკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გასულ კვირას შენარჩუნებული სტაბილური რეფინანსირების განაკვეთი, შესაძლოა ისევ გაიზარდოს. თავის მხრივ, გაზრდილი განაკვეთი აშშ-ის სახაზინო შემოსვლების ზრდას იწვევს, რაც ბოლო დღეებში მრავალწლიან მაქსიმუმზეა.
რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს, 0.20%-ით 0.6385-მდე დაეცა, რაც მოლოდინების შესაბამისად, ინფლაციის აჩქარების შედეგია. ახალ ზელანდიური დოლარი კი 0.23%-ით და 0.5931 დოლარამდე შემცირდა.