
რუსული ავიაკომპანია Azimuth ბათუმი-მოსკოვი-ბათუმი და თბილისი-სოჭი-თბილისის მიმართულებებით ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის რეისები 9 ოქტომბრიდან დაიწყება; ხოლო თბილისი-სოჭი-თბილისის ფრენები - 11 ოქტომბრიდან.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სააგენტოს მიერ ფრენებზე ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
"ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azimuth Airlines-ი 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას მინვოდი - თბილისი - მინვოდის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით, 11 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სოჭი - თბილისი - სოჭის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით და 9 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით. ხსენებული მიმართულებებით ოპერირებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. აღნიშნულ მიმართულებეზე ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) უკვე რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ავიაკომპანია ასევე გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით.
ასევე, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია Red Wings-ი ჟუკოვსკი - თბილისი - ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში ხუთი სიხშირით. ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით. აღნიშნული ავიაკომპანია, ისევე როგორც Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად", - ნათქვამია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
Azimuth Airlines-მა ფრენების შესრულება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებაზე მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.
2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიებზე ფრენების ნებართვა 15 მაისს გასცა.