LIVE

ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საერთაშორისო სანქციებთან - განცხადება

20 სექ 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საერთაშორისო სანქციებთან - განცხადება

ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, - ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" ლიბერთი ბანკში განუცხადეს.  

ამავე დროს, ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას ექვემდებარებიან.

"სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას. 

სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

დღესვე თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას გეგმავენ.

ეროვნული ბანკის გუშინდელი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

ერთი დღით ადრე, 18 სექტემბერს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.