LIVE

სექტემბრის ბოლომდე CFD სქემის ფარგლებში მორიგი აუქციონი გაიმართება - ინვესტორების მოლოდინები

16 სექ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
სექტემბრის ბოლომდე CFD სქემის ფარგლებში მორიგი აუქციონი გაიმართება - ინვესტორების მოლოდინები

ეკონომიკის სამინისტრო სექტემბრის ბოლომდე ენერგეტიკის მხარდამჭერი ახალი სქემის, CFD-ის ფარგლებში მორიგი აუქციონის გამართვას გეგმავს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დარჩენილი ორი აუქციონის ფარგლებში ჯამურად ქვეყანაში 1200 მეგავატი სიმძლავრის ახალი გენერაციის ობიექტები უნდა აშენდეს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში განუცხადეს, მოლოდინია, რომ კომპანიები გამოცხადებულ პროექტებს სრულად აითვისებენ. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პირველმა აუქციონმა აჩვენა, რომ კერძო სექტორისგან მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო.

ამასთან, გიორგი აბრამიშვილის თქმით, მიღმა მხარდამჭერი მექანიზმებისა, აუცილებელია მთავრობამ გაზრდილი ბიუროკრატიული პროცესების მოგვარებაზეც იზრუნოს, რაც მისი თქმით, ახალი ენერგოობიექტების მშენებლობას აფერხებს.

„ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიები დიდი ხანი ელოდნენ ახალი მხარდამჭერი სქემის ამოქმედებას. ამის მთავარი ნიშანი ისაა, რომ გამოცხადებულ 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტებზე 900 მეგავატის მოცულობაზე შემოვიდა განაცხადი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეორე ეტაპზე დამატებით სხვა ინვესტორებიც შემოვლენ აუქციონში, ბევრი კომპანია ელოდა, თუ როგორ ჩაივლიდა პირველი ეტაპი. გვაქვს მოლოდინი, რომ თვის ბოლომდე მინიმუმ 400 მეგავატის მოცულობაზე გამოცხადდება აუქციონი. CFD სქემა მოგვცემს საშუალებას, რომ განახლებადი რესურსები ავითვისოთ და მეტი გენერაციის ობიექტი ავაშენოთ. ამასთან, მოსაგვარებელია გაზრდილი ბიუროკრატიის პროცესიც, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში აფერხებს პროექტების დროულად განხორციელებას. პროცესში ბევრი არაპროფილური უწყებაა ხოლმე ჩართული, რომელთაც დარგის სპეციფიკა არ ესმით და ნებართვების მიღების პროცესი უსასრულოდ იწელება. უმჯობესია, რომ ენერგეტიკულ პროექტების ნებართვებზე ერთი უწყება იყოს პასუხისმგებელი და დარგისთვის ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებდეს“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის CFD სქემის ფარგლებში, პირველი აუქციონი აპრილის ბოლოს დასრულდა. აუქციონი სულ 300 მეგავატი სიმძლავრის ახალი გენერაციის ობიექტების, ჰესების, ქარის და მზის ელექტროსადგურების აშენებას ითვალისწინებს. სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ კომპანიებისგან აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია.