LIVE

გიორგი ხიშტოვანი: საპენსიო რეფორმას მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიადგა

14 სექ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
გიორგი ხიშტოვანი: საპენსიო რეფორმას მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიადგა

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა რეფორმას რეპუტაციული ზიანი მიაყენა.

როგორც გიორგი ხიშტოვანმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, პროცესმა აჩვენა, რომ საპენსიო სააგენტოს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის სათანადო კომუნიკაცია არ ყოფილა. მისი თქმით, 2028 წლამდე მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების კვლავ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში განთავსება, არასწორი გადაწყვეტილებაა.

„ვნახეთ, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შეუთანხმებელი და არაკოორდინირებული კომუნიკაცია იყო. იმის მაგივრად, რომ მოქალაქეებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებოდნენ, ამ მოვლენებით მივიღეთ ის, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად დაიბნა. დინამიკა პოზიტიური იყო, მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რომელ პორტფელში ჩაედო საკუთარი დანაზოგები, რაც ფინანსური განათლების ასამაღლებლადაც კარგი პროცესი იყო. ახლა კი ფაქტობრივად, ახალი კანონით ეს პროცესი უკან ბრუნდება და მოქალაქეების დანაზოგები ისევ მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში იქნება. არგუმენტია, რომ მოსახლეობა არჩევანის გასაკეთებლად მზად არ იყო, თუმცა შესაბამისი საინფორმაციო კამპანიისთვის საპენსიო სააგენტოს დიდი დრო ჰქონდა. საპენსიო რეფორმა ინიციატივაა, რომელსაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, რომ მისდამი ნდობის ხარისხი გავზარდოთ. ამ პროცესებით კი მას მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიადგა, რაც მის მიმართ ნდობა ნამდვილად არ ზრდის“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა გასულ კვირას მეორე მოსმენით კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები 2028 წლამდე ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში დარჩება და პორტფელი მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური სურვილის შემთხვევაში შეიცვლება.

მოქმედი კანონის მიხედვით კი, 6 აგვისტოდან მოსახლეობის დანაზოგები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდა სხვადასხვა რისკიანობის საინვესტიციო პორტფელში. კერძოდ, 40 წლამდე პირების დანაზოგები მაღალრისკიანში მოხვდა, 40-დან 50-მდე მოქალაქეების საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50-ს ზემოთ პირების თანხები დაბალრისკიანში გადანაწილდა. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, ერთი თვის განმავლობაში პორტფელები შეეცვალათ. ცვლილებების მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობამ მოქალაქეების არასათანადო ინფორმირებულობა დაასახელა.