
საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარები 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილება მოსახლეობის მოუმზადებლობამ გამოიწვია. შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.
"მოსახლეობა არ იყო მზად და შესაძლოა, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია, ამიტომ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული.
კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში. პრაქტიკულად, ეფლში, გუგლში, ან სხვა საწარმოებში ჩაიდება ეს აქციები, არ დაიკარგება", - განაცხადა კვიჟინაძემ.
თავდაპირველად საპენსიო სააგენტომ სქემის მონაწილეებს პორტფელის არჩევისთვის ვადა 7 სექტემბრამდე მისცა. როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ თქვა, სქემის მონაწილე 1 400 000 ადამიანიდან არჩევანი მხოლოდ 5 000-მა გააკეთა.