LIVE

საპენსიო დანაზოგისთვის პორტფელი 5 000-მდე ადამიანმა აირჩია - ვადა 7 სექტემბრამდე გაქვთ

25 აგვ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 771
საპენსიო დანაზოგისთვის პორტფელი 5 000-მდე ადამიანმა აირჩია - ვადა 7 სექტემბრამდე გაქვთ

საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ასარჩევად მოქალაქეების მიმართვიანობა დაბალია. 

საპენსიო სქემის მონაწილეებს არჩევანი ნაკლებადრისკიან, მაღალრისკიან და საშუალორიკიან პორტფელებს შორის, 6 აგვისტოდან გაუჩნდათ. როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე ამბობს, სქემის მონაწილე 1 400 000 ადამიანიდან არჩევანი მხოლოდ 5 000-მა გააკეთა.

„დაახლოებით 5 000-მდე ადამიანმა მოგვმართა, აქედან ძირითადი მომართვიანობა იუსტიციის სახლებშია. 5 000 კაცი, როდესაც 1 400 000 ანგარიშია, მაღალი არაა, მაგრამ კარგია რომ ეს მომართვიანობა არის“,- განაცხადა მელიქიძემ.

მისივე განმარტებით, ახლა პორტფელის არჩევის ვადა 7 სექტემბრამდეა, მაგრამ ეს სამომავლოდ შეიცვლება და მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეეძლება პორტფელის შეცვლა. 

„ბიზნეს ფორმულა“ გთავაზობთ ინფორმაციას, როგორ უნდა გაკეთოთ არჩევანი და რა სხვაობაა საინვესტიციო პორტფელებს შორის.

როგორ უნდა მოიქცეთ საინვესტიციო პორტფელის ასარჩევად - ინსტრუქცია

6 აგვისტოდან, გარდა ნაკლებადრისკიანი პორტფელისა, საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების პირად გვერდზე გამოჩნდა საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები.

სასურველი საინვესტიციო პორტფელის ან პორტფელების კომბინაციის არჩევისთვის შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ საპენსიო სააგენტოს (ანა პოლიტკოვსკაიას N14-ში მდებარე საპენსიო სააგენტოს ოფისში ან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში). ამას გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ, პირადი ელექტრონული გვერდიდან (my.pensions.ge). თუ უკვე არ ხართ რეგისტრირებული პირად საპენსიო გვერდზე, რეგისტრაციის გასავლელად პირადი ნომერი და დროებითი პაროლი დაგჭირდებათ, რომელსაც დამსაქმებლისგან მიიღებთ.

როდესაც დააფიქსირებთ, რომელ პორტფელში ან პორტფელების კომბინაციაში გსურთ საკუთარი დანაზოგის ინვესტირება, მომდევნო 1 წელი სწორედ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დაბანდდება თქვენი საპენსიო დანაზოგი. პორტფელებს შორის არჩევანის ხელახლა გაკეთებას კი 12 თვეში ერთხელ შეძლებთ.

რა მოხდება თუ არც ერთ პორტფელს აირჩევთ?

ასეთ შემთხვევაში ავტომატურად მოხვდებით იმ პორტფელში, რომელიც ასაკის შესაბამისადაა განსაზღვრული:

• იმ ადამიანების საპენსიო დანაზოგი, რომლებიც სქემაში გაწევრიანების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის იყვნენ, გადანაწილდება მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;
• 40-დან 50 წლამდე მონაწილის - საშუალორისკიან პორტფელში;
• ხოლო 50 წლის ან მეტი ასაკის მონაწილის - ნაკლებადრისკიანში.

რა განსხვავებაა პორტფელებს შორის?

სამ პორტფელს, რომელთა არჩევაც შეგიძლიათ, ერთმანეთისგან ძირითადად რისკის ხარისხი და ის შემოსავალი განასხვავებს, რომელსაც დაბალ, საშუალო თუ მაღალ რისკზე წასვლის სანაცვლოდ მიიღებთ.

ასე მაგალითად, ნაკლებადრისკიან პორტფელს სტაბილური უკუგება აქვს, რამდენადაც დანაზოგები ინვესტირდება საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში. მცირე დოზით დასაშვებია ინვესტირება უცხოურ ვალუტასა ($,€) და გლობალურ აქციებშიც. გასული 5 წლის განმავლობაში სწორედ ასეთ პორტფელში იყო ინვესტირებული საპენსიო დანაზოგი. რაც შეეხება შედეგებს, საპენსიო ფონდში 31 ივლისი მდგომარეობით, ჯამში 3.8 მილიარდი ლარია, საიდანაც ინვესტირების შედეგად უკუგების სახით მიღებული თანხა, ანუ წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია. ეს პორტფელი მათთვისაა შესაფერისი, ვისაც არ უყვარს რისკის აღება და მეტ სიფრთხილეს არჩევს. 

საპირისპიროდ, მაღალრისკიან პორტფელში დანაზოგები უმეტესად ინვესტირდება უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში. დასაშვებია ინვესტირება დეპოზიტებსა და ობლიგაციებშიც, თუმცა შედარებით მცირე წილით. ამ პორტფელს გრძელ ვადაში მაღალი მომგებიანობა ახასიათებს, თუმცა აქციების ფასების მუდმივი ცვალებადობის გამო, მაღალია რისკებიც. თუ გრძელვადიან პერიოდში მაღალი მოგების მიღების მიზნით რისკის აღება გსურთ, აღნიშნული პორტფელი შესაფერისია.

საშუალორისკიანი პორტფელი კი, ნაკლებადრისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების ნაზავია.