
მაროკოში მომხდარ მიწისძვრას ამ დროისთვის 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველებისთვის სტიქიის რამდენიმე არეალი ჯერ კიდევ მიუწვდომელია.
Bloomberg-ი გასული 25 წლის ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრების სიას აქვეყნებს:
- 2023 წლის 8 სექტემბერი: მაროკო; 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
- 2023 წლის 6 თებერვალი: თურქეთი და სირია; 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 21 600 ადამიანი დაიღუპა.
- 2015 წლის 24 აპრილი: ნეპალი; 8 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად.
- 2011 წლის 11 მარტი: იაპონია; ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხდა 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის შედეგადაც ცუნამი განვითარდა. სტიქიამ 18 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
-2010 წლის 12 იანვარი: ჰაიტი; 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მთავრობის შეფასებით, დაღუპული იყო 316 000 ადამიანი, თუმცა სტიქიის მასშტაბების გამო მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ვეღარ მოხერხდა.
- 2008 წლის 12 მაისი: ჩინეთი; სიჩუანის სანაპიროსთან 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 87 500 ადამიანი ემსხვერპლა.
- 2006 წლის 27 მაისი: ინდონეზია; ჯავას კუნძულზე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 5 700 ადამიანი დაიღუპა.
- 2005 წლის 8 ოქტომბერი: პაკისტანი; კაშმირის რეგიონში მომხდარ 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 80 000 ადამიანი ემსხვერპლა.
- 2004 წლის 26 დეკემბერი: ინდონეზიაში 9.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც ინდოეთის ოკეანეში ცუნამები შექმნა. სტიქია რამდენიმე ქვეყანას შეეხო და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 230 000 ადამიანი შეადგინა.
- 2003 წლის 26 დეკემბერი: ირანი; 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
- 2001 წლის 26 იანვარი: ინდოეთი; 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 20 000 ადამიანი გარდაიცვალა.
- 1999 წლის 17 აგვისტო: თურქეთი; 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თურქეთის ქალაქ იზმითში, რასაც 18 000-ზე მეტის სიცოცხლე შეეწირა.