
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი "დიდი ოცეულის" ჯგუფის რამდენიმე ლიდერს მოუწოდებს, დააკმაყოფილონ მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ერდოღანი საკითხზე ნიუ-დელიში მიმდინარე G-20 სამიტის პარალელურად ლიდერებთან დახურულ შეხვედრებს მართავს.
კერძოდ, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, თურქეთი სთხოვს მსოფლიო ლიდერებს, ხელი შეუწყონ ლონდონის Lloyd's-ის მიერ რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტის დაზღვევას და საერთაშორისო გადახდებისთვის მოსკოვის SWIFT სისტემასთან ხელახლა დაკავშირებას.
მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გასახსნელად მზადაა.
მარცვლეულის შეთანხმების საფუძველზე, უკრაინა დასავლეთში საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა. შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის მიერ იყო მხარდაჭერილი. რუსეთმა შეთანხმება ივლისში დატოვა.