
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თითქმის ერთი წლის შემდეგ არსებობს წყვეტს, რაც გლობალურად საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით გაურკვევლობას ზრდის.
რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ გაეროს შუამავლობით გაფორმებულ საეტაპო შეთანხმებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამის მიზეზად შეთანხმების რუსეთთან დაკავშირებული ნაწილების შეუსრულებლობას ასახელებს და ყირიმის ხიდზე თავდასხმასთან კავშირს გამორიცხავს.
მისივე თქმით, რუსეთი დაუბრუნდება შეთანხმებას, როგორც კი პირობები შესრულდება.
პირობების შეუსრულებლობისა და რუსული საქონლის ექსპორტის შეფერხების ბრალდებით, კრემლი მრავალჯერ დაიმუქრა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდოდა.
ექსპორტის შეჩერება საფრთხეს უქმნის მთავარ სავაჭრო მარშრუტს უკრაინიდან, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
შეთანხმების ფარგლებში, უკანასკნელმა გემმა ოდესის პორტი გუშინ დატოვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთს 27 ივნისის შემდეგ ახალი გემები აღარ დაურეგისტრირებია.
მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი გაერო-ს, თურქეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ივლისში მოეწერა. შეთანხმება მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა. შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ბოლო შეთანხმებას ვადა დღეს ეწურება.
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება სთხოვა. სანაცვლოდ კი მას სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, Rosselkhozbank-ის, საერთაშორისო გადახდის სისტემასთან (SWIFT) დაკავშირება შესთავაზა. ევროკავშირმა აღნიშნული ბანკი SWIFT-ის სისტემიდან 2022 წლის ივნისში გათიშა.
სიახლის გავრცელების შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის საორიენტაციო ფასი 3.5%-ით გაიზარდა.