LIVE

უკრაინამ PepsiCo და Mars-ი ომის სპონსორების სიაში შეიყვანა

01 სექ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
უკრაინამ PepsiCo და Mars-ი ომის სპონსორების სიაში შეიყვანა

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში ორი წამყვანი კორპორაცია, PepsiCo და Mars-ი შეიყვანა

სააგენტო აღნიშნავს, რომ ბიზნესის შემცირების, სარეკლამო საქმიანობის შეწყვეტისა და მათი პროდუქციის წარმოების შეწყვეტაზე განცხადების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ მუშაობას რუსეთის ფედერაციაში, იხდიან მნიშვნელოვან გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც მხარს უჭერენ აგრესორი ქვეყნის ეკონომიკას.

PepsiCo აერთიანებს ბრენდებს: Chester's, Chipsy, Lay's, Mirinda, Pasta Roni, Pepsi, Propel, Sandora, 7up, Simba, Snack a Jacks, Sonric's, Tropicana და ა.შ.

კომპანია რუსეთში 1974 წლიდან მუშაობს. ის ქვეყანაში 19 ქარხანას ფლობს. წმინდა მოგების მიხედვით, PepsiCo არის მეოთხე უდიდესი კომპანია რუსეთში სასმელებისა და კვების პროდუქტების სფეროში.

2022 წელს შპს PEPSICO HOLDINGS-ის ბრუნვა გაიზარდა $2,59 მილიარდამდე. ამასთან, 2021 წელთან შედარებით, წმინდა მოგება 333%-ით გაიზარდა და $525 მილიონი შეადგინა. კომპანიამ $115 მილიონზე მეტი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში გადაიხადა. 

2022 წლის მარტში კომპანიამ რუსეთში სარეკლამო საქმიანობისა და სასმელების წარმოების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, თუმცა, 2022 წლის აგვისტოში განახლდა 7Up-ს და Mirinda-ს წარმოება Evervess და Frustyle დასახელებით. 2023 წლის მარტში განახლდა Pepsi-ის წარმოება ასევე Evervess-ის და Lyubymyі ბრენდის ქვეშ. გარდა ამისა, PepsiCo-მ ქვეყანაში, პროდუქტების ჩანაცვლების მიზნით, გამოუშვა ლიმონათი სახელწოდებით "რუსული საჩუქარი". კომპანია ასევე აგრძელებს სხვა საკვები პროდუქტების წარმოებას და დისტრიბუციას. მედიის ინფორმაციით, PepsiCo's Lay-ის ჩიფსები რუსი ჯარისკაცების კვების რაციონში აღმოაჩინეს.

სააგენტო ასევე წერს, რომ კომპანიას 600-მდე მიმდინარე ვაკანსია აქვს, რაც მიუთითებს, რომ ის ქვეყნის დატოვებას რეალურად არ გეგმავს. 

კორპორაცია Mars ცნობილია შოკოლადით, მაგრამ ის ასევე აწარმოებს შინაური ცხოველების საკვებს, საღეჭ რეზინებს, სასმელებს, სწრაფი კვების პროდუქტს და კონსერვირებულ სოუსებს. მისი ძირითადი ბრენდებია: Mars, Snickers, Milky Way, Twix, Bounty, M&M's, Whiskas, Pedigree, Uncle Ben's. 

Mars რუსეთში 30-ზე მეტი წელია ოპერირებს და მის ტერიტორიაზე 10 ქარხანას ფლობს. 

ომის დაწყების შემდეგ, კომპანიამ პირობა დადო, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბიზნესს შეამცირებდა, რუსული ბიზნესიდან მიღებულ მოგებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოიყენებდა. 

მიუხედავად ამისა, მისმა ქარხნებმა, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილი შემოსავლები მიიღეს. შპს Mars-ის ბრუნვა 2022 წელს გაიზარდა $2,45 მილიარდამდე, ხოლო წმინდა მოგება გაიზარდა 59%-ით და $377 მილიონს მიაღწია. კომპანიამ რუსეთის ბიუჯეტში $93 მილიონზე მეტი გადაიხადა. 

Mars-ის რუსულ წარმომადგენლობას 100-ზე მეტი მიმდინარე ვაკანსია აქვს.  

გასულ თვეში უკრაინამ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში ასევე შეიყვანა Japan Tobacco International (JTI) და Philip Morris International, ჩინური Alibaba Group Holding Limited, რომელიც AliExpress ონლაინ მაღაზიის მფლობელია. 

კიდევ უფრო ადრე ამ სიაში მოხვდნენ ალკოჰოლური კომპანია Bacardi Limited და ტკბილეულის მწარმოებელი Mondelez International. 

სიის მიზანია წაახალისოს საერთაშორისო ბრენდები, დატოვონ რუსეთი და დაფინანსება შეუმცირდეს ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც ომს აფინანსებს. სია დაახლოებით 40 კომპანიას მოიცავს.